Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™ »დიოგენე
Viewing all 26 articles
Browse latest View live

ქალი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს

$
0
0
ქალი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს

ქალი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს. (с) მარი ბექაური. რადიო “შოკოლადი”

“დიოგენეს” კოპწია მაღაზიაში ერთხელ მაინც თუ შეგივლიათ, აუცილებლად დაგამახსოვრდებოდათ ერთი ძალიან კარგი გოგო – იქაურობის გულღია და დაუზარელი მასპინძელი.

თუ არ იცნობთ, შესაძლოა ვერც მიხვდეთ, რომ თავადაც მწერალია – მარი ბექაური.

კარგად მახსოვს, “ელექტროთაობით” გავიცანი – წიგნის ერთ-ერთ ფესტივალზე ვიყიდე. სხვადასხვა ტონალობაში დაწერილი მოთხრობებიდან რამდენიმე განსაკუთრებით მომეწონა და ავტორიც მოვინიშნე. მერე იყო “ბებია, რეი და ამერიკა” – სრულიად არაჩვეულებრივი, გადასარევი წიგნი, პირდაპირ გამომცემლობიდან რომ წამოვიღე შინ და პოსტიც უმალ გამოვაცხვე. თაროზე  “მეორე მხარეც” მეგულება და ამაზეც აუცილებლად დავწერ.

ოღონდ დღეს სულ სხვა ამბავს მოგიყვებით.

წიგნებზე კატასტროფულად ცოტას რომ ვლაპარაკობთ, სამწუხარო ფაქტია; რადიო “შოკოლადი” ამის გამოსწორებას თავგამოდებით ცდილობს და ყველა გაგებით ძვირფას საეთერო დროს ბიბლიოფილებს უთმობს. ლევან ბერძენიშვილის “წიგნებს”, დარწმუნებული ვარ, ყველა უსმენთ, სამიოდე კვირის წინ კი ახალი საავტორო პროექტი დაიქოქა “შოკოლადზე” – “ქალი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს”. სათაური, დამეთანხმეთ, მიმზიდველი და დამაინტრიგებელია, ავტორი და წამყვანი კი მარია.

სულ ჩვიდმეტწუთიანია, მაგრამ, დამიჯერეთ, ბევრ უფრო ხანგრძლივ და არაფრისმთქმელ გადაცემაზე ასი თავით მაღლა დგას; შაბათობით გადის ღია ეთერში, 2 საათზე. მერე ორშაბათს და მომდევნო შაბათს იმეორებენ.  მთლად ახალი ამბავია, პირველი მარტიდან დაიწყო,  ჯერ მხოლოდ სამი გადაცემა ჩაიწერა და უკვე საკუთარი სახე, ფორმატი და ხელწერა აქვს – ფრიად სიმპათიური, მსუბუქი და მსმენელისთვის კომფორტული. მარი ლიტერატურულ სიახლეებზე გვიყვება. აქტუალურ თარგმანებზე, ცინცხალ გამოცემებზე და თუ “წიგნები” ქრონოლოგიური ჩარჩოებით არ იზღუდება და საუკუნეებში მოგზაურობს, “ქალი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს” ახალ გამოცემებზეა ორიენტირებული.

მაცუო ბაშოს თარგმანების კრებული, “ჯივზისა და ვუსტერის” სერიის ცინცხალი თარგმანი, აკას “მორიდებული ზურმუხტი”, ჰენრი ჯეიმზის “ასპერნის წერილები”, რომენ გარის “ამის იქით თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება”,  ორჰან ფამუქის “ახალი ცხოვრება” – ერთიმეორეზე უკეთეს წიგნებს ირჩევს მარი, ცნობილი მწერლების ცხოვრების უცნობ დეტალებზეც გვიყვება და ახალ კონკურსებზე, ფესტივალებზე, სამამულო ბიბლიოსამყაროს მნიშვნელოვან სიახლეებზეც გვაწვდის ინფორმაციას. ამ ყველაფერს კი ჩვიდმეტწუთიან გადაცემაში ისე კოხტად ატევს, უკმარისობის გრძნობა ოდნავადაც არ გაწუხებს; მეც ვერ ვხვდები, ამას როგორ ახერხებს, მაგრამ ახერხებს კი…

ოღონდ არ მითხრათ, წიგნებზე ლაპარაკს წიგნის კითხვა სჯობიაო.  გემოვნებიანი ბიბლიოგურმანის იმპრესიების მოსმენა ერთობ სასიამოვნოა და საინტერესო. ესეც არ იყოს, ოცამდე გამომცემლობა მარტო ჩემთანაა ჩამოწიკწიკებული ფბ-ის სპეციალურ სიაში, კვირა არ გავა, ახალი წიგნი არ გამოჩნდეს მაღაზიის თაროებზე და ბიბლიოსამყაროში გამოცდილი და გემოვნებიანი მეგზური სასურველი კი არა, აუცილებელია.

ბევრი ლაპარაკი, მგონი, არც უნდა – ძალიან კარგი და საჭირო პროექტი წამოუწყიათ. ოღონდ, თავადაც მოგეხსენებათ, ლიტერატურულ გადაცემას განსაკუთრებული თანადგომა სჭირდება – მავანი სელებრითების ჭორები ხომ არ არის, მსმენელ-მაყურებელი ყვითელი კონტენტით და მყვირალა ნიუსებით მოიზიდოს.  ჰოდა, ჩემო კარგებო, თუ გინდათ, სამამულო საგამომცემლო სიახლეები არ გამოგრჩეთ, რადიო “შოკოლადი” ჩართეთ ან სულაც ფბ-გვერდზე შეიხედეთ და მოუსმინეთ ქალს, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს.


Filed under: მოლის წისქვილი Tagged: "დიოგენეს" წიგნის მაღაზია, ბებია რეი და ამერიკა, გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, დიოგენე, ელექტროთაობა, ლევან ბერძენიშვილი, ლიტერატურული გადაცემა, მარი ბექაური, მეორე მხარე, მოლის წისქვილი, რადიო, რადიო "შოკოლადი", წიგნები

სემუელ ბეკეტის პოსტმოდერნისტულ ლაბირინთში

$
0
0
სემუელ ბეკეტი. "მოლოი". "დიოგენეს ბიბლიოთეკა". გამომცემლობა "დიოგენე". თბილისი, 2014

სემუელ ბეკეტი. “მოლოი”. “დიოგენეს ბიბლიოთეკა”. გამომცემლობა “დიოგენე”. თბილისი, 2014

ამ წიგნზე წერა გამიჭირდა.

გამიჭირდა არა იმიტომ, რომ ვინმე მაძალებს, მაინცდამაინც ამაზე დავწერო ან სათქმელს ვერ ვპოულობ, არა… უბრალოდ, ვფიქრობ, როგორ მივიტანო თქვენამდე სემუელ ბეკეტის “მოლოი” – წიგნი, რომლის წაკითხვასაც ყველას ვერ ურჩევ.

საქმე ის არის, რომ ბეკეტის ინტერპრეტაციას აზრი არ აქვს – ეს ის მწერალი არ არის, რომელიც უნდა გაშიფრო, გახსნა, ყველაფერს თავ-თავისი ადგილი მიუჩინო და ბოლომდე ჩასწვდე; არა, მისი შემოქმედება აბსურდის ხიბლით და იდუმალებითაა სავსე; ის არასოდეს გეტყვის სათქმელს ბოლომდე, არასოდეს აიხდის ნიღაბს და საშუალებას მოგცემს, იფიქრო და თავად გადაწყვიტო, რა უნდოდა ავტორს, რას ფიქრობდა, როცა ფიქრობდა და რატომ დაწერა ის, რაც დაწერა.

ამ კაცს, ხან მოდერნიზმის უკანასკნელ მოჰიკანს რომ უწოდებენ და ხან – პოსტმოდერნიზმის პიონერს, გენიალური პერსონაჟი ჰყავს მოლოის სახით; პერსონაჟი, რომელშიც ერთდროულად ვხედავთ ინტელექტს და გონებრივ დეგრადაციას; რომელსაც უფრო არსებას ვუწოდებდი, ვიდრე ადამიანს.

მოლოი, რომელიც დედის ოთახში ცხოვრობს და აღარ ახსოვს, იქ როგორ მოხვდა; არ ახსოვს დედის გვარი; მშობლიური ქალაქის სახელი; მოლოი თავისი თექვსმეტი ჯიბით და ამ ჯიბეებში საწუწნი კენჭების გადანაწილების საოცარი ხერხებით – ეს უნდა წაიკითხოთ, რადგან რამდენიც არ უნდა გელაპარაკოთ ამაზე, ეს მხოლოდ ჩემეული ინტერპრეტაცია იქნება და ბეკეტის მთელი ხიბლიც სწორედ ისაა, რომ მკითხველს საშუალებას აძლევს, მისი პერსონაჟი ისე მიიღოს, როგორც უნდა; თავისებურად გაიგოს, შეიგრძნოს და თუ საჭიროდ ჩათვლის, შეიყვაროს, თუ არა და – არა.

მეორე ნაწილი, სადაც მთხრობელის როლში უკვე ჟაკ მორანია, ნაკლებად მძიმე მომეჩვენა, თუმცა ბეკეტი არც აქ ღალატობს თავის პრინციპს – ძირს ყოველგვარი რეალიზმი! ნამდვილი პროზა ხომ სწორედ აქაა, პატარ-პატარა მინოტავრებით სავსე პოსტმოდერნისტულ ლაბირინთში, სადაც არიადნეს ძაფი ვერაფერს გიშველის, აქ მხოლოდ საკუთარი იმპრესიები და ნაცრისფერი უჯრედები თუ გაგიწევენ მეგზურობას.

წიგნი უკვე დავხურე და შემოვდე თაროზე “დიოგენეს ბიბლიოთეკის“ სხვა ტომებთან ერთად, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ გაივლის ხანი და აუცილებლად გადმოვიღებ,  რომ კიდევ ერთხელ შევაღო კარი იმ რთულ, აბსურდულ, დამთრგუნველ და იმავდროულად დახვეწილ სამყაროში, რომელსაც სემუელ ბეკეტის შემოქმედება ჰქვია.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: აბსურდი, გია ჭუმბურიძე, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ზაზა ჭილაძე, ირმა ტაველიძე, მოდერნიზმი, მოლის ბიბლიოთეკა, მოლოი, პოსტმოდერნისტული ლიტერატურა, პროზა, ჟაკ მორანი, სემუელ ბეკეტი, ქართული თარგმანი

წიგნები, რომლებსაც აპრილში ველოდებით

$
0
0

firm coverმოლის ბლოგზე, ამ ბოლო დროს, ერთი სასიამოვნო და სასარგებლო ტრადიცია დამკვიდრდა – თქვენი მასპინძელი დროდადრო გამომცემლობებს ეხმიანება და მკითხველისთვის ყველაზე საინტერესო სიახლეების გრძელზე გრძელი სია მოაქვს.

დღეს იმ წიგნებზე ვაპირებ მოყოლას, აპრილის თვეში რომ გამოჩნდება მაღაზიებში და, ბიბლიოფილებო ამა ქვეყნისა, ყურადღებით იყავით, არაფერი გამოგრჩეთ.

პალიტრა L“-ს გონკურის პრემიის ახალი მფლობელის – მიშელ როსტენის “შვილი” გადმოუქართულებია; 21 წლის გარდაცვლილი ბიჭის ამბავი, თავად რომ ყვება სიკვდილის შემდეგ, ამო საკითხავი არ უნდა იყოს, მაგრამ ვინ თქვა, რომ წიგნები მხოლოდ გასართობად იწერება? თემაა ისეთი, გულგრილად გვერდს ვერ აუვლი; ავტორსაც უვარგია – საუკეთესო დებიუტისთვის გონკურს ასე ჰაიჰარად არავის აძლევენ; ჰოდა, ვნახოთ და განვსაჯოთ.

“პალიტრას” მეორე სიახლეზე ბევრი ლაპარაკი, მგონი, ზედმეტიც კია; ჯონ გრიშემის “ფირმაც” ძალიან კარგად გეცოდინებათ და ამ 2008-2003 coverგადასარევი წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმიც, ტომ კრუზით მთავარ როლში. “ფირმის” რუსული თარგმანი “ქინდლში” მიდევს და აგერ გადმოქართულებულსაც ვეღირსეთ. ჯერ ყდაა ისეთი, მარტო ამის ხათრით იყიდი… თან პალიტრას ეს სერია მომწონს. “მოსამსახურეო”, “სტამბოლელი ნაბიჭვარიო”, ფილიპ როთის “ადამიანური ლაქაო”, ეშმაკის და პრადას ამბავიო…  ახლა იურიდიული თრილერიც. მოკლედ, რაც კარგია, კარგია – ვერაფერს იტყვი; თაროზე ჩაწიკწიკებულებს რომ გავხედავ, მალამოდ მეცხება გულზე.

დიოგენეს” ოთხი ისეთი წიგნი ჩაუფიქრებია სააპრილოდ, არც კი ვიცი, რომელით დავიწყო. ჯულიან ბარნსის “ფლობერის თუთიყუში” ხომ იცით? “დიოგენეს ბიბლიოთეკას” რომ დაემატა შარშან. ჰოდა, ბარნსის კიდევ ერთი, 2011 წელს დაწერილი რომანი გადმოუქართულებია ზაზა ჭილაძეს; “დასასრულის განცდას” ფრიად დამაინტრიგებელი ანოტაცია აქვს და ბუკერის პრემიაც დაუმსახურებია – არ არის ხელიდან გასაშვები წიგნი.

კიდევ ნობელიანტ სოლ ბელოუს “ჰენდერსონი, წვიმის მეფე” – კონექტიკუტელი მილიონერის აფრიკული დაუნშიფტინგის ისტორია და აბო იაშაღაშვილის “ოსმალური მარში” – საფათერაკო რომანი, მე-19 საუკუნისthe dark tower cover ტფილისის ამბებით და ძალიან საინტერესო პერსონაჟებით.

მთავარი ნიუსი კი მაინც “ბნელი კოშკის” პირველი ნაწილია –  სტივენ კინგის თითების ჩასაკვნეტ ქართულ სერიას ლეგენდარული რვატომეული ემატება. “მსროლელს” წუთისწუთზე ველოდებით მაღაზიებში. ნიკა სამუშიას თარგმანია, არ დაგავიწყდეთ და ყდაზე ნიკას გვარი რომ უკვე ხარისხის ნიშანია, კი გეცოდინებათ.

სიესტას” ერთი პრეზენტაცია ახლახანს ჰქონდა – მკითხველს გიორგი კეკელიძის ახალი პოეტური კრებული წარუდგინა.  პოეზია ჩემთვის დელიკატესია და ვცდილობ, მხოლოდ საუკეთესო შევარჩიო. ჰოდა, ეს ” პოეზია 2008-2103″-ც ზუსტად ასეთია – დახვეწილზე დახვეწილი და უგემრიელესი.

მეორეს – დავით ზურაბიშვილის ესეებს – სულ მალე გამოამზეურებენ.. ავტორის წინათქმა გადავიკითხე და სიტყვაზე მენდეთ –  თუ შიგთავსიც ასეთია, ძალიან საინტერესო non fiction ჩაგვიგდია ხელთ და ეგ არის.

“წიგნები მთელი ოჯახისთვისო”, ტყუილად კი არ აწერია “სულაკაურის” საფირმო ჩანთებს; ამ ser alex coverგამომცემლობაში უმცროსებიც ახსოვთ და უფროსებიც; ყველაზე პატარების ისედაც ტევად თაროს აპრილიდან ფერად-ფერადი, უხვად ილუსტრირებული და ფრიად სახალისო ზღაპრები შეემატება; მთავარი სიურპრიზი კი სინემანიაკებს გაახარებს – ამ გაზაფხულზე კინოსერია დაიქოქა, თან ხმაურიანად და საინტერესოდ – “ცისფერი მთებით”, “ფორესტ გამპით” და ტიფანისთანაც მიგვიპატიჟეს საუზმეზე; ახლა, სამ წიგნზე რომ არ შეჩერდება ეს ამბავი, ცხადზე ცხადია და ბიბლიოფილ სინემანიაკებს, მგონი, ახალი გასართობი გამოგვიჩნდა – იმის გამოცნობა, შემდეგი ტომები რომელ კინოშედევრს დაეთმობა.

ლოგოს პრესი “პრინცესების საყვარელი ზღაპრების” გამოცემას აპირებს; მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო და ყველასთვის საყვარელ  ზღაპრებს ერთი ყდის ქვეშ მოაქცევენ. აქეთ ჰენზელი და გრეტელიო, იქით თოვლის დედოფალიო,  წითელქუდაო, კონკიაო… პრინციპი ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, თუმცა, სულო ცოდვილო, და რატომღაც მგონია, რომ ამ პრინცესების ზღაპრებში ჩაჭყეტვაზე პრინცებიც არ იტყვიან უარს.

ინტელექტი” თამაზ ჭილაძის “უკვდავების ათინათს” გამოსცემს. ამ კოხტა წიგნში ჩვენი ყველა მწერალია გვერდიგვერდ – იაკობ ხუცესიდან ოთარ ჭილაძემდე.  “ინტელექტი სკოლას” კი ჰქვია სერიას, მაგრამ,forest gump cover ვფიქრობ, ზრდასრული მკითხველიც დიდი სიამოვნებით წაიკითხავს.

არტანუჯი” სპორტულ სერიას აგრძელებს და მერე როგორ აგრძელებს… თვიდ სერ ალექს ფერგიუსონის “ჩემი ავტობიოგრაფიით”. ახლა სპორტულ გემოვნებაზე, კი იცით, არ დავობენ, მაგრამ მე თუ მკითხავთ, აშკარად ყველაზე საინტერესოა, რაფა ნადალთან ერთად.

აი, ასეთი გეგმები აქვთ ჩვენს გამომცემლობებს სააპრილოდ და მე თუ მკითხავ, – არც ისე ცოტაა, მკითხველს არჩევანის საშუალება არ ჰქონდეს და არც ისე ბევრი, დაიბნე და რამე გამოგრჩეს. თან, ისიც გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ნაწილია – მთელი თვეა წინ და ვინ რა სიურპრიზს გვიმზადებს, კაცმა არ იცის. აგერ, სულაკაური ორი იმისთანა თარგმანის გამოცემას გეგმავს, ლამის არის, კალენდარზე დღეების გადახაზვა დავიწყო…


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: აბო იაშაღაშვილი, არტანუჯი, ახალი წიგნები, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბნელი კოშკი, ბუკერის პრემია, გამომცემლობა "ინტელექტი", გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, გიორგი კეკელიძე, გონკურის პრემია, დავით ზურაბიშვილი, დასასრულის განცდა, დიოგენე, ზაზა ჭილაძე, თამაზ ჭილაძე, კინოსერია, ლოგოს პრესი, მიშელ როსტენი, მოლის ბიბლიოთეკა, ნიკა სამუშია, ოსმალური მარში, პალიტრა L, საუზმე ტიფანისთან, სერ ალექს ფერგიუსონი, სიესტა, სოლ ბელოუ, სტივენ კინგი, ფირმა, ფორესტ გამპი, ქართული თარგმანი, ცისფერი მთები, ჯონ გრიშემი, ჯულიან ბარნსი, ჰენდერსონი წვიმის მეფე, non fiction

კოქტეილი “ბნელი კოშკი”

$
0
0

the gunslinger cover 3

ბევრჯერ მითქვამს აქაც და სხვაგანაც – ბიბლიოსერიები და ტომეულები ბავშვობიდან მიყვარს.

რა ჯობია, თაროზე რომ ჩამოამწკრივებ ნომრების მიხედვით და თვალსა და გულს ერთად ახარებს.

ისე არ გამიგოთ, თითქოს მარტო კოხტად მიწყობილი ტომების სილამაზე მხიბლავდეს. არც უმაგისობაა, ვინ ოხერი დავობს, მაგრამ მთავარი ხიბლი, როგორც ხვდებით, სხვა რამაა.

აი,  ბავშვობაში რომელი გერჩივნათ – სქელი წიგნი, დიდხანს რომ ჩაგიკოკლოზინებდათ ყელს, თუ თხელი, უცებ რომ ჩაგადნებოდათ ხელში? ჰოდა, აქაც ასეა. ბევრი ტომი ბევრ საკითხავს ნიშნავს და ნამდვილმა ბიბლიოფილმა მეტი რა უნდა ინატროს…

ოღონდ ამ ტომეულებს ერთი ნაკლი აქვთ – ჯერ პირველის გამოსვლამდე უნდა დაგაწყდეს ნერვები, მერე მეორეს უნდა ელოდო, მერე – მესამეს და ასე…

აგერ, “დიოგენეს” ყველა მაგარი წიგნი, რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, ამგვარ სერიებად აქვს გამოცემული.

მადლობა ღმერთს, “დიოგენეს ბიბლიოთეკას” გაჭიანურება არ სჩვევია – ოცი წიგნი ისე ჩამოაწიკწიკეს, ერთხელ არ წაბორძიკებულან; სამაგიეროდ, “ამერიკელების” ლოდინმა მოგვკლა და მოგვინელა ბიბლიოგურმანები. ხუთი ტომი მედო თაროზე და რამდენჯერაც შევხედავდი, გული მისკდებოდა, ხომ არ გადაიფიქრეს-მეთქი. არ გადაუფიქრებიათ, გრძელდება და მერე როგორ გრძელდება – სოლ ბელოუ და სილვია პლათი გუშინ წამოვაცუხცუხე მაღაზიიდან.

ახლა, ამსიგრძე შესავალი რატომ გავუკეთე: “დიოგენემ” კიდევ ერთი უმაგრესი პროექტი წამოიწყო – რვატომიანი.

სტივენ კინგის ბუთქუნა წიგნები ხომ იცით? ჰოდა, ამ ფერადი სერიის ფარგლებში “ბნელ კოშკს” გადმოაქართულებენ; პირველ ტომს “მსროლელი” ჰქვია; გუშინწინ გამოჩნდა მაღაზიებში და უკვე აგერ მიდევს, მაგიდაზე.

რა გითხრათ ახლა, “ბნელი კოშკის” შინაარსს მოგიყვეთ? ვისაც კინგი უყვარს, ისედაც ეცოდინება და ვისაც აქამდე არ გაუგონია, ის დროა, ამ პოსტის კითხვას თავს ანებებდეს და უახლოეს ბუქსთორში გარბოდეს – ტირაჟი არ ამოიწუროს, რეპრინტს რა მოუცდისო…

ზოგმა სკეპტიკოსმა იქნებ იკითხოს, ასეთი გადასარევი და დასაფეთებელი ვითომ რითიაო? იმით, რომ “ბნელი კოშკი” ყველა გაგებით უგემრიელესი კოქტეილია – sci fi-ს, ფენტეზის, ვესტერნის და ჰორორის ნაზავი. მოქმედება გადარეულ და რელსებს აცდენილ სამყაროში ვითარდება; გაქანებული ფეოდალიზმია, ამერიკის დასავლეთის ტექნიკური პროგრესისა და მაგიის ელემენტებით. მსროლელთა უძველესი რაინდული ორდენის წევრი როლანდ დისქეინი ქაოსის დასაძლევად ყველა სამყაროს შემაკავშირებელ ღერძს – ბნელ კოშკს დაეძებს…

თან ნიკა სამუშიას თარგმანია, ნიკა სამუშია კი, ერთი ქართული ზღაპრისა არ იყოს, ის კაცია, გამომცემლობებს პირველი რომ ახსენდებათ, თუ ყოველმხრივ გამორჩეული პროდუქტის გამოშვებას აპირებენ და მკითხველიც ყველაზე მეტად ენდობა –  “ბეჭდების მბრძანებლის” ტრილოგია და “ჰობიტი”, “შიმშილის თამაშები”, დრაკონისტატუიანი გოგოს ამბები, “მებრძოლთა კლუბი” და “ჯანქი”…  მოკლედ, ჩვენი სტივენი საიმედო ხელშია.

თავად კინგს უთქვამს, “ბნელი კოშკი” ჩემი Magnum Opus-იაო და არავითარი საფუძველი არ გვაქვს, არ დავუჯეროთ. პატარაა ეს პირველი ნაწილი, ერთი უიქენდი მეყო “მსროლელის” ჩასასუსნად და არც თქვენ გაგიჯანჯლდებათ.  ჩვენ იმაზე ვიდარდოთ, დანარჩენი ნაწილების გამოცემას რა დაელოდება…


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ამერიკელები, ბიბლიო-სერიები, ბნელი კოშკი, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ვესტერნი, ლალი ქადაგიძე, მოლის ბიბლიოთეკა, მსროლელი, ნიკა სამუშია, პროზა, ჟანრული პროზა, როლანდ დისქეინი, სამეცნიერო ფანტასტიკა, სილვია პლათი, სოლ ბელოუ, სტივენ კინგი, ფენტეზი, ქართული თარგმანი, Horror, Sci Fi & Fantasy

მოლის Ecoლოგია

$
0
0

umberto eco booksყველაფერი ფილმით დაიწყო.

ცოტა უცნაური კია, ფავორიტი მწერლის გაცნობას ფილმით რომ იწყებ, მაგრამ ასე იყო და რა ვქნა, ტყუილს ხომ არ ვიტყვი.

დიდი ხნის წინ, სოფელში ვნახე, ადამისდროინდელ შავ-თეთრ ტელევიზორში. შონ კონერი, გულის ამაჩუყებლად ნორჩირისტიან სლეიტერი და ერთი გადასარევი გოგო, რომლის ვინაობა დღესაც არ ვიცი. ფილმსვარდის სახელიერქვა და, როგორც მერე გავარკვიე, უმბერტო ეკოს რომანის მიხედვით იყო გადაღებული.

იმ დროს რომანები კი არა, სახელმძღვანელოები ჭირდა დავარდის სახელსსად ვიპოვიდი; ისევ საჯაროს საცავებში გულმოდგინე ქექვის შემდეგ მივაგენი ძველ რუსულ თარგმანს წითელი ყდითა და ურიცხვი კომენტარით; აკადემიური გამოცემა იყო, ეგრე კი ნუ უყურებთ.

მერე  ბიბლიოფილმა მეგობარმა A4 ფორმატის ფურცლებზე მიკროსკოპული შრიფტით ამობეჭდილიფუკოს ქანქარამათხოვა და, მგონი,  იმქანქარასგადაყვა კიდეც ჩემი მხედველობა, მაგრამ არ ვნანობ, დედას გეფიცებით – აშკარად ღირდა.

სამაგიეროდ, ახლა ეკოს წიგნებიქინდლშიცმაქვს და ყველაზე საპატიო თაროზეც მიწყვია.

ექვსი რომანის ავტორია (ჯერჯერობით). ცოტა არ ეთქმის, მაგრამ მკითხველის გული, ხომ იცით, უძირო ჭაა და დროდადრო ლიტერატურულ პორტალებს სასოებით ვსქროლავ, ეგებ რაიმე სანუგეშოს წავაწყდე-მეთქი.

სამაგიეროდ, ეკო-პუბლიცისტია ფრიად ნაყოფიერი და, მოლის ლიტერატურულ გემოვნებას თუ ენდობით, ეკო-რომანისტზე არანაკლებ გემრიელად იკითხება.

ჯერ – “მინერვას მუყაო”იტალიურიესპრესოსთვის” დაწერილი სვეტების კრებული;  მერე -“არც იფიქროთ წიგნებისგან თავის დაღწევა”, ეკოს დიალოგი ჟან პოლ კარიერთან, რომანისტსა და ისტორიკოსთან, ბუნიუელის, გოდარის, ვაიდას, ფორმანის ფილმების სცენარის ავტორთან (ერთი წიგნის ფასი მარტო გარეკანი აქვს, მე თუ მკითხავთ);ჯოისის პოეტიკა“; “ახალგაზრდა რომანისტის აღსარება“; “სრული სვლით უკან“… იმსიგრძე ნუსხაა, ნახევარს ვერ დაიმახსოვრებ. ჰოდა, თარგმნიან ეს რუსული გამომცემლობები ნება-ნება და რაღაცები ჩვენამდეც აღწევს.

ზოგი მხოლოდ ელექტრონულ ფორმატში მოიპოვება დაქინდლშიმიდევს პატიოსნად. “ბაბილონური საუბარი“, მაგალითად, ანშიდა რეცენზიები“. ორივე შედევრია, ჩემი მოკრძალებული აზრით. გადახედეთ, არ ინანებთ.

ღრმად პატივცემული ეკოს შემოქმედება ჩვენს მშობლიურ ენაზეც მოგვეპოვება ა ამაზე რომ არაფერი ვთქვა, თავი უმადური მეგონება.

პირველად იყო სიტყვაკი არადა, პირველადვარდის სახელიიყო და რამდენჯერაც იმ ბუთქუნა წიგნს გადავშლი, ხათუნა ცხადაძეს ვლოცავ. ისეთი თარგმანია, ისეთი, რომ რა გითხრათ… დედანში მე არ წამიკითხავს და დანარჩენს ყველას მირჩევნია, ინგლისურის ჩათვლით.

პრეზენტაციაზე ვერ მივედი (as always) და მეორე დილით თბილისის ლამის ყველა მაღაზია შემოვირბინე. ორი ეგზემპლარი მინდოდა. ერთისაჩუქრად. ჰოდა, ყველგან მიმეორებდნენგვქონდა და ეს წუთია, გავყიდეთო.

სამაგიეროდ, ახლა ჰარდქავერიც მაქვს და რბილყდიანი რეპრინტიც. პოკეტბუქად რომ გამოუშვან, იმასაც ვიყიდი. აი, ასეთი ხარბი ვარ და არ დამიწყოთ ახლა, სიხარბე მანკიერი თვისებააომაინც ვერ მომაშლევინებთ.

მეორე გემრიელობა სინიორ ეკოს და კარდინალ მარტინის მიმოწერაა. “დიოგენეს ბიბლიოთეკისმშვენება. ავტორები ხომ არიან და არიან; თემაცსაინტერესოზე საინტერესო, ყოვლისმომცველი და ინტიმური: რწმენა და რელიგია. წარმატებისთვის განწირულიო, ასეთ წიგნებზე ამბობენ.

ჰო, “პრაღის სასაფლაოს” თარგმანზე საუბრობენ საგამომცემლო კულუარებში. დიდი ხანია, საუბრობენ, ჯერ იმედის მომცემი არაფერი ისმის, მაგრამ კარგ წიგნს უნდა დაელოდო კიდეცო, ფინიკიელ ბლოგერებს უთქვამთ.

აი, “ფუკოს ქანქარის” ქართული თარგმანისთვის, მზად ვარ, გამომცემელს, მთარგმნელს, რედაქტორს და დიზაინერს ერთად მივყიდო სული…

ჰოდა, სანამ ქართულ ეკოს ველოდებით, ამ ბმულს გადახედეთ. სულ ცინცხალი თარგმანია, მორიგი Non fiction მალე გამოდისო და ერთი თავი დაუდვიათ დასაგემოვნებლად.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: არც იფიქროთ წიგნებისგან თავის დაღწევა, ბაბილონური საუბარი, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, დოკუმენტური პროზა, ესპრესო, ვარდის სახელი, კარლო მარია მარტინი, ლალი ქადაგიძე, მინერვას მუყაო, მოლის ბიბლიოთეკა, პრაღის სასაფლაო, პროზა, ჟან პოლ კარიერი, უმბერტო ეკო, ფუკოს ქანქარა, ქართული თარგმანი, ქინდლი, ქრისტიან სლეიტერი, შიდა რეცენზიები, შონ კონერი, ჯოისის პოეტიკა, non fiction

სილვია პლათის უკანასკნელი SOS

$
0
0

Sylvia Plath. The Bell Jar

ეს რომანი კი არა, უფრო გამოსათხოვარი წერილია – ვრცელი და გულახდილი. ისეთი, რომელიც გაიძულებს, უკანასკნელ ფურცლამდე სულმოუთქმელად ჩაიკითხო, მერე წიგნი დახურო და დიდხანს იჯდე გარინდებული, სივრცეში თვალგაშტერებული.

ხშირად არ შეგხვდება ასეთი მძიმე ნაწარმოები, იმდენად მძიმე, რომ ფიზიკურად გრძნობ, როგორ გაწვება, სულს გიხუთავს და სადაცაა, გაგსრესს.

სამაგიეროდ, ზუსტად გაგრძნობინებს ყველაფერს, რამაც ავტორს სულ რამდენიმე თვის შემდეგ უკანასკნელი, თავგანწირული ნაბიჯი გადაადგმევინა.

კითხულობ ესთერ გრინვუდის ნერვულ, ალაგ-ალაგ დაულაგებელ მონოლოგს და ნელ-ნელა იჟღინთები იმ სასოწარკვეთილებით და დამანგრეველი დეპრესიით, რასაც ეს პატარა ბოსტონელი გოგო განიცდის, მხრებით გრძნობ მათ სიმძიმეს და თანდათანობით ხვდები, რა არის ზარხუფი.

რა თქმა უნდა, ყველა თავმოყვარე ბიბლიოფილმა მშვენივრად იცის, რომ “ზარხუფი” ამერიკელი მწერლის, სილვია პლათის ავტოგრაფიული რომანია; სხვა მიხვედრას ვგულისხმობ: უცებ შენც რომ იმ გამჭვირვალე ზარხუფში ამოყოფ თავს და ცოტა შეგეშინდება კიდეც – აქედან მთელი სამყარო ისე მოჩანს, როგორც გაბზარულ სარკეში და შესაძლოა მოგეჩვენოს, რომ ჰაერი შენ გარშემო სულ უფრო ცოტავდება და, სადაცაა, გაიგუდები – მარტოობისგან, უილაჯობისა და ამაოების განცდისგან.

ეს წიგნი შიშის ისტორიაა, ყოვლისმომცველი შიშისა უცხო და მტრული სამყაროს წინაშე. იშვიათია ასეთი გულახდილი ტექსტები, სადაც ავტორი დაუნანებლად გახედებს სულში, ვინ იცის, იმის იმედითაც კი, რომ გამოჩნდება ვინმე, ვინც დახმარების ხელს გაუწვდის უფსკრულის პირას მოსიარულეს და ოდნავ მაინც გადაინაწილებს ზარხუფის სიმძიმეს საკუთარ მხრებზე.

შესაძლოა, ეს სიტყვები ვინმეს მაღალფარდოვანიც კი მოეჩვენოს, მაგრამ წაიკითხავს “ზარხუფს” და აზრი აუცილებლად შეეცვლება, იმიტომ რომ ეს ძალიან გულწრფელი წიგნია, უკანასკნელი SOS ქალისა, რომელიც სულ ცოტა ხნის შემდეგ, თებერვლის ერთ სუსხიან დილას, უთენია ჩავიდა სამზარეულოში და გაზის ონკანი ბოლომდე მოუშვა…

თავის დროზე კრიტიკოსები იმაზეც კი დავობდნენ, მხატვრული ლიტერატურა უფრო იყო ეს თუ ბელეტრისტიკა; იოლი მისახვედრია, რატომაც – ტექსტი ხომ თითქმის მთლიანად ავტობიოგრაფიულია – მოდური ჟურნალის კონკურსში გამარჯვება, ნიუ-იორკში გატარებული დღეები, თვითმკვლელობის ამაო მცდელობა და პერსონაჟებიც კი – ყველაფერი ავტორის ცხოვრებიდან არის აღებული, მაგრამ, ჩემი მოკრძალებული აზრი თუ ვინმეს აინტერესებს, ამ თემაზე კამათი უგუნურება მგონია – ეს ხარისხიანი პროზაა, რთული, დამთრგუნველი და, რაც მთავარია, დამაფიქრებელი, ყველა ნაწარმოები ვერ დაიტრაბახებს ამით.

თავიდანვე ვთქვი, იოლად წასაკითხი წიგნი არ არის-მეთქი. კვალს ტოვებს, თანაც სამუდამოს და შესამჩნევს. სხვისი რა მოგახსენოთ, მე კი ეს ხარისხის ერთ-ერთი ნიშანი მგონია.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ამერიკელები, ამერიკული ლიტერატურა, ბიბლიო-სერიები, დიოგენე, ესთერ გრინვუდი, ზარხუფი, თანამედროვე ამერიკული ბიბლიოთეკა, ლელა სამნიაშვილი, მოლის ბიბლიოთეკა, პროზა, სილვია პლათი, ქართული თარგმანი

თბილისის წიგნის ფესტივალი –ის, რაც არ უნდა გამოგვრჩეს

$
0
0

pragis sasaflao cover

ასეთ პოსტებს, დამეთანხმებით, გემრიელი შესავალი უხდება, მაგრამ დღეს იმდენი მაქვს საწერი (თქვენ კი – წასაკითხი), რომ სიტყვაკაზმულობით თავს არ შეგაწყენთ და პირდაპირ საქმეზე გადავალ. ხელების ფშვნეტის და პირის ჩატკბარუნების დრო არ არის.

* * *

თბილისის წიგნის მეთექვსმეტე საერთაშორისო ფესტივალი რომ დაიწყო და ოთხი დღე გაგრძელდება, ცხადია, გეცოდინებათ. ამ ოთხი დღიდან ორი რომ სადაგია, ესეც. ასე რომ, ოფისებში გამოკეტილი ბიბლიოფილები კინკილა შაბათ-კვირის იმედად დავრჩით, რაც “ექსპო-ჯორჯიას” წიგნებით დახუნძლული მეთერთმეტე პავილიონის მოსარბენად კატასტროფულად ცოტაა. ჰოდა, ამ თითქმის შეუსრულებელი მისიის შესასრულებლად საგულდაგულოდ გაწერილი საფესტივალო გეგმაა საჭირო – რა გვინდა და სად ვეძებოთ. თორემ ერთიც იქნება, ნიუსებში მოხვდები – აჩვენებენ, როგორ დარბის ზურგჩანთააკიდებული ბლოგერი სტენდებს შორის და როგორ ჩურთავს წიგნებს ზედ დაუხედავად.

ერთი თვეა, გამომცემლობების წინასაფესტივალო მზადებას ვადევნებ თვალს და, მინდა გითხრათ, ასეთი მრავალფეროვნება არც შარშან ყოფილა და არც შარშანწინ. იმდენი სიახლეა, მარტო ჩამოთვლა დაგღლის. ჰოდა, ბარემ მეც შევიმსუბუქებ საფესტივალო ტვირთს და თქვენც გამოგადგებით – იმ წიგნებზე მოგიყვებით, რომელთა გამოტოვებაც, ჩემი მოკრძალებული აზრით, არ ღირს.

სულაკაურს” იმდენი სიახლე აქვს, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. ორი ახალი აკა  – “ჩრდილი გზაზე” და “ქემერა“. ერთი დოკუმენტური პროზაა, უახლესი ისტორიის აკას გემრიელი ენით დაწერილი ანალიზი; მეორე – მონატრებული ურბანული პროზა. გურამ ფანჯიკიძის qemera cover“ეშმაკის ბორბალი”, თავის დროზე ფრიად შეზღუდული ტირაჟით რომ დაუბეჭდავთ კომუნისტებს და ბევრს ეგებ არც კი წაეკითხოს. მურაკამის “კაფკა პლაჟზე”, სალმან რუშდის ,,ფლორენციელი ჯადოქარი“, “საბას” ორგზის ლაურეატის, თეონა დოლენჯაშვილის, “რეალური არსებები” და, ტრადიციისამებრ, 2014 წლის 15 საუკეთესო ქართული მოთხრობის კრებული.

კინობიბლიოთეკას სტანისლავ ლემის “სოლარისი” ემატება – Sci Fi-ს ლეგენდა, საკულტო წიგნი და საკულტო ფილმის ლიტერატურული პირველწყარო.  პოლონელ ლემს საბჭოთა გამომცემლობები ხშირად და დიდი მონდომებით თარგმნიდნენ, ძველი ქართული თარგმანიც არსებობს, მაგრამ ისეთი რარიტეტია, ბუკინისტებთანაც კი გაგიჭირდებათ მიგნება. ჰოდა, ახალი “სოლარისი” ორმაგად სასიამოვნოა დაtanamdevi movlenebi cover საინტერესო.

ჟანრული პროზის მოყვარულებს კიდევ ორი დიდი სიურპრიზი ელით – რიკ რიორდანის “მეხის ქურდი” (“პერსი ჯექსონი და ოლიმპიელები”) და გადმოქართულებული ნილ გეიმანი – “კორალაინმა” ფესტივალს ფეხად ჩამოუსწრო. პატარებს კი (თუმცა, რატომ მხოლოდ მათ?) – ასტრიდ ლინდგრენის სერია, პეპისა და ემილის ამბები, ჯენეტ ბაჯელიძის თარგმანით და სალომე ბენიძის გადმოქართულებული ლექსებით.

დიოგენეს” საფესტივალო კალათა, როგორც ყოველთვის, მრავალფეროვანია და ათასგვარი სასუსნავით სავსე.  მარკ ბელასენის და ოლგა შავერნეს აუტისტი ბავშვები (სახელმძღვანელო მშობლებისთვის), დამეთანხმეთ, საჭირო და აქტუალური გამოცემაა. მდიდარი კლინიკური გამოცდილების საფუძველზე დაწერილი წიგნი მშობლებსაც გამოადგებათ, პედაგოგებსაც და ამ თემატიკის თითქმის სრული ვაკუუმის შევსების მისასალმებელი მცდელობაა.

კიდევ – “ეგრე გააგრძელე, ჯივზ!” პელემ  გრენვილ ვუდჰაუსის უზომოდ პოპულარული ციკლის მორიგი ნუგბარი. ათი იუმორისტული მოთხრობა, რომელთაგან ერთს განუმეორებელი ჯივზი ჰყვება :) რუსულად უკვე წაკითხული მაქვს და დამიჯერეთ, არ გამოტოვოთ, თორემ ინანებთ. ჰო, კიდევ ახალი ფამუქი – “სხვა ფერები” – ორჰან ბეის ჩანაწერების კრებული. ესეები, სტატიები, ინტერვიუები, საჯარო გამოსვლები რადიკალურად განსხვავებულ, გლობალურ თუ ყოფით თემებზე. Non Fiction როგორ მიყვარს, კი იცით და ფამუქის პუბლიცისტიკა ხელიდან გასაშვები ნამდვილად არ არის.

ამერიკელების” ფერადი სერია ერთდროულად ორი ტომით შეივსება. ერთი ჯოის კეროლ ოუტსის “შავი წყალია” – მცირე რომანი The Beatles cover“ჩაპაკვიდიკის ინციდენტზე” , – 1969 წლის ტრაგედიაზე, როდესაც კუნძულ ჩაპაკვიდიკთან სენატორ ტედ კენედის  მანქანა წყალში გადავარდა, სენატორის თანმხლები გოგონა კი დაიღუპა…  დამაინტრიგებელი ისტორიაა და წიგნიც არ უნდა იყოს ურიგო. მეორე ტომი სინემანიაკებს აღაფრთოვანებს: “თანამდევი მოვლენები” – თვით ვუდი ალენის პროზა, მაესტროს საფირმო იუმორით გაჯერებული ჩვიდმეტი ტექსტი. მოდი და თქვი, უინტერესოაო…

“დიოგენეს ბიბლიოთეკა” ჩვეულ სტილს არ ღალატობს და ისევ ექსკლუზიურ თარგმანს გვთავაზობს, ჩეხი მწერლის ბოჰუმილ ჰრაბალის “ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“.  არ მეცნო, მაგრამ ანოტაცია ფრიად მაცდურია და საფირმო ბიბლიოსერიაში მხოლოდ ხარისხიანი პროზა რომputinis ruseti cover ხვდება, ამას უკვე მივეჩვიეთ.

დიოგენეს” ბოლო საფესტივალო სიახლეზე კი, ალბათ, მხოლოდ ძახილის ნიშნებით უნდა ვილაპარაკო. როგორც იქნა, გვეღირსა ‘პრაღის სასაფლაო“, უმბერტო ეკოს ბოლო რომანის თარგმანი. არა, რუსული გამოცემაც მიდევს თაროზე და ქინდლშიც მაქვს საიმედოდ დაბინავებული, მაგრამ გადმოქართულებული, ხომ იცით, მაინც სხვაა… თან ხათუნა ცხადაძის თარგმანია და, დამეთანხმებით, მარტო ეს ღირს ერთ წიგნად.

სიესტას” ძველ, ჰიტებად ქცეულ გამოცემებთან ერთად ერთი ისეთი სიახლეც აქვს, ასს რომ აიწონის – ოლდოს ჰაქსლის “საოცარი ახალი სამყარო”, ლეგენდარული ანტიუტოპია. შარშან დაუბეჭდავთ უმცირესი ტირაჟით, მაშინვე დაუტაცია მკითხველს და მთელი წელი მოთქვამენ ბიბლიოფილები, ეს რა იყო, გონზე მოსვლა ვერ მოვასწარით, ისე გააქრეთო… ჰოდა, ცინცხალი ტირაჟია, მშვენიერი ქავერით და, რაც მთავარია, ყველას შეგვხვდება.

ოჩოპინტრეს ფერად, უგემრიელესად გამოცემულ პოკეთბუქებს საფესტივალოდ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მოგონებები შეემატება. ავტორზე საუბარი ზედმეტიც კი მგონია – თუ ისტორია გაინტერესებთ და მემუარების კითხვაც გიყვართ, სათქვენო წიგნი ყოფილა. ანატოლ ფრანსის “ანგელოზთა აჯანყებასაც” ვამზადებთ გამოსაცემად, მაგრამ ოდნავ მოგვიანებით იქნებაო… არა უშავს, კარგ წიგნს უნდა დაელოდო კიდეც.

ჰო, მოლი გირჩევთ, ოჩობუქების სტენდთან “ახალი ბერძნული ბიბლიოთეკის” პირველი ორი ტომი იკითხოთ – იაკოვოს კაბანელისის saocari axali samkaro coverპიესებისა და ანდონის სამარაკისის მოთხრობების კრებული. სამამულო გამოცემებს, მგონი, კარგად ვიცნობ, მაგრამ არ მახსენდება, ახალ და უახლეს ბერძნულ ლიტერატურას ვინმე თარგმნიდეს. აკადემიური გამოცემაა – თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის პროექტი. სერიის რედაქტორი სოფიო შამანიდია, რედაქტორი – ლაშა ბუღაძე. მოკლედ, თქვენი არ ვიცი და მე საშინლად მაინტერესებს.

ელფი” ბიბლიოფილებს ორი კლასიკური თარგმანით გაახარებს. ერთი ჟან ჟიონოს “ჰუსარი სახურავზეა”, მეორე - აჰმედ ჰამბი ტამპინარის “დროის ინსტიტუტი”. ყველაზე მეტად კი “ბურატინოს თავგადასავლის” და “ექიმი აიბოლიტის” ახალგადმოქართულებული სრული ვერსია მაინტერესებს.  ესენი რომ გამოვტოვო, ჩემიpolkovniks aravin scers cover საბავშვო ბიბლიოთეკა არ მაპატიებს.

ქარჩხაძის გამომცემლობის “საბავშვო კლასიკა” ხომ იცით? ჰოდა, გრძელდება საფესტივალოდ და, მე თუ მკითხავთ, ძალიანაც საინტერესოდ… “პიტერ პენს” და კიპლინგის ზღაპრებს ედუარდ ლირის “ბუკნაჭო და ფისუნა” და კენეთ გრემის “ქარი ტირიფებში” მიუმატეს. ეს გემრიელობები, კარგა ხანია, შინ მაქვს – სულმა წამძლია და ფესტივალს არ დაველოდე და, მინდა გითხრათ, ორივე ძალიან კარგია.

კიდევ – სრული სიახლე ქართველი მკითხველისთვის: ნორვეგიელი მწერლის სტიან ჰულეს “გარმანის ზაფხული” და “ანას ზეცა“. საბავშვო  კი ჰქვია, მაგრამ ულამაზესი ილუსტრაციებით უფროსებიც ისიამოვნებენ.

სულაკაურის” “The Beatles” ხომ გახსოვთ? ფანტასტიკური ფოტოალბომი, ცნობილი, ნაკლებად ცნობილი და სულაც უნიკალური სურათებით? ჰოდა, “ქარჩხაძეს” კიდევ ერთი სიახლე აქვს ლივერპულელი ბიჭების თაყვანისმცემლებისთვის - ტერი ბაროუზის “ბითლზი დღიდან დღემდე “. ოღონდ, ეს უფრო მინიენციკლოპედიაა. ჯგუფის თავბრუდამხვევი ისტორიის თაიმლაინი, ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენის დეტალური ნუსხა, უხვად დასურათებული, ეპოქის სულს რომ გაგრძნობინებს, ისეთი წიგნი…

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია” ჯერ არ მინახავს, არადა, ამბობენ,  მართლა აკადემიური გამოცემაა, სრულზე სრული და igavebi coverყოველისმომცველიო. აუცილებლად მოვიკითხავ საფესტივალო სტენდზე, თუმცა ყველაზე მეტად “უფლისწული და გველეშაპი” მაინტერესებს. სუპერ სიუპრიზი, ჯემალ ქარჩხაძის ლიტერატურული ზღაპრების კრებული. წინათქმა  აქვს ისეთი, გული გაგიჩერდება…

ინტელექტი” გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის, სადებიუტო რომანს “ჟუჟას” გამოსცემს. ავტორი თეატრალებს უფრო გეცოდინებათ სამეფო უბნის თეატრის “ლივ შტაინით”, “ჟუჟას” კი ბუდენბროკჰაუსის ლიტერატურული პრემია მიუღია და 2010 წლის საუკეთესო გერმანულენოვანი წიგნების ოცეულშიც შესულა.

პოეზიის მოყვარულთვის “2013 წლის 100 ლექსია” გამზადებული, სერიოზული ანთოლოგია, კარგად შერჩეული ავტორებით და მარკესის ოთხტომეული: “ჩილეში არალეგალურად შეპარული მიგელ ლიტინის თავგადასავალი”,  “გენერალი თავის ლაბირინთში”, “პოლკოვნიკს არავინ სწერს” და “საზღვაო კატასტროფაში მოყოლილი კაცის ამბავი”. თეა გვასალიას თარგმანია. ამბობენ, ძალიან კარგიაო და ვნახოთ…

არტანუჯსანა პოლიტკოვსკაიას “პუტინის რუსეთი” აქვს. მხატვრულ-დოკუმენტური რომანი,qari tirifebshi cover ჯერ თავად რუსეთშიც რომ არ დაბეჭდილა. ამ წიგნს დიდი წარდგენა არ უნდა სჭირდებოდეს – ავტორის სახელით და სათაურით, ალბათ, ყველაფერი ნათქვამია. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ გვანცა ჯობავას თარგმნილია და საშინლად მომწონს ეს ახალი ტრენდი – თარგმანს მწერლები რომ ჰკიდებენ ხელს.

ლოგოს პრესი” პატარა მკითხველს ზაზა ჭილაძისა და გია ჭუმბურიძის ახლებურად თარგმნილ ეზოპეს იგავებს სთავაზობს, ყველაზე პატარებს კი “ჯადოსნურ მუსიკალურ ჯოხს” – წიგნ-სათამაშოს, რომლითაც, თურმე, ყოვლად სერიოზული და ჭკუადამჯდარი უფროსებიც მშვენივრად ერთობიან…

პალიტრა L“-ი თავის უკიდეგანო ბიბლიოთეკაზე 75 პროცენტიან სეილს გეგმავს და ექსკლუზიური წიგნის თაროს პრეზენტაციასაც აწყობს. უნდა ვნახო, წიგნის თაროები ჩვენი თანთია :(

ეს – გამომცემლობების სიახლეები. საინტერესო სასუსნავი ბუქსთორებსაც უხვად ექნებათ. “ბიბლუსი” უკრაინელ პარტნიორს მასპინძლობს და სტენდზე ექსკლუზივს გამოფენს – რუსულენოვან კლასიკას, თანამედროვე პროზას, საბავშვო ლიტერატურას, კოხტა წიგნებს და ფერად-ფერად ალბომებს. საოფისე ესპანური ბრენდი “MILAN”-იც “ბიბლუსის” ექსკლუზივია და ამ ყველაფერს ნახევარ ფასად შემოგთავაზებთო… ელექტრონული მაღაზიის პრეზენტაციაც იგეგმება – biblusi.ge უნდა წარადგინონ და ონლაინ შოპინგი რა კომფორტულია, კი იცით…

ბუქ სითი“, “პარნასი“, “პროსპერო“, წიგნის მაღაზია “დიოგენე”… “წიგნები ბათუმში” არ გამოგრჩეთ – მარის და ირაკლის ყოველთვის აქვთ რაღაც ახალი და საინტერესო. თან ყური მოვკარი, მორიგი ვოიაჟიდან ახლახან დაბრუნდნენო.

* * *

აი, ასეთი ამბებია, ჩემო კარგებო. ახლა თქვენ მოგისმენთ, თქვენს საფესტივალო გეგმებზე მომიყევით. ეს პოსტი კი, მგონი,  აჯობებს, ამოვბეჭდო და ჩანთაში ჩავაგდო, თორემ რამე აუცილებლად გამომრჩება.

solaris cover


Filed under: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი Tagged: აკა მორჩილაძე, ალექსეი ტოლსტოი, ანა პოლიტკოვსკაია, ანატოლ ფრანსი, ანდონის სამარაკისი, არტანუჯი, ასტრიდ ლინდგრენი, აჰმედ ჰამბი ტამპინარი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბიბლუსი, ბოჰუმილ ჰრაბალი, გაბრიელ გარსია მარკესი, გვანცა ჯობავა, გიორგი მაზნიაშვილი, გურამ ფანჯიკიძე, დიოგენე, ედუარდ ლირი, ეზოპე, ელფის გამომცემლობა, ექსპო ჯორჯია, ვუდი ალენი, ზაზა ჭილაძე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, თეა გვასალია, თეონა დოლენჯაშვილი, იაკოვოს კაბანელისი, ინტელექტი, ირაკლი ბაკურიძე, კენეთ გრემი, კორნეი ჩუკოვსკი, ლოგოს პრესი, მარი კორინთელი, მოლი ბლუმი წიგნის ფესტივალზე, ნილ გეიმანი, ნინო ხარატიშვილი, ოლდოს ჰაქსლი, ოჩოპინტრე, პალიტრა L, პარნასი, პელემ ვუდჰაუსი, ჟან ჟიონო, რადიარდ კიპლინგი, რიკ რიორდანი, სალმან რუშდი, სალომე ბენიძე, სიესტა, სტანისლავ ლემი, სტიან ჰულე, ტერი ბაროუზი, უმბერტო ეკო, ქარჩხაძის გამომცემლობა, წიგნები ბათუმში, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, წიგნის მაღაზია "დიოგენე", ხათუნა ცხადაძე, ჯეიმს მეთიუ ბარი, ჯემალ ქარჩხაძე, ჯენეტ ბაჯელიძე, ჯოის კეროლ ოუტსი, ჰარუკი მურაკამი, Book City, prospero's books

თბილისის წიგნის ფესტივალი –ის, რაც უნდა ითქვას

$
0
0

1

ყველაფერი კარგი მალე სრულდებაო, ნათქვამია და ეს წიგნის ფესტივალიც ხელში ჩაგვადნა.  ჰოდა, სანამ გამომცემლობები ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან, მკითხველები ნადავლს თაროებზე დააბინავებენ და პირველ რიგში წასაკითხ წიგნებს ცალკე გადააწყობენ, სანამ ქართული ბიბლიოსამყარო ჯერ ისევ საფესტივალო რიტმით ცხოვრობს, დროს ვიხელთებ და ჩემს იმპრესიებსაც გაგიზიარებთ.

ფესტივალი იყო სიახლემრავალი, ხალხმრავალი და ხმაურიანი. შიგადაშიგ – ზედმეტად ხმაურიანიც კი… ბუნებრივია, ასეთ თავყრილობაზე სალონურ გარემოს არავინ ითხოვს, მაგრამ პოპულარული გამომცემლობა რომ ხარ, წიგნების კალათა განსაკუთრებული საფესტივალო გამოცემებით გაქვს სავსე და მკითხველთა დიდ ნაკადსაც ელოდები, სულ მცირე, კომფორტულ სტენდსა და ყოჩაღ კონსულტანტებზე მაინც უნდა იზრუნო.

თუმცა ეს მხოლოდ სიცხითა და მოუწესრიგებელი რიგებით გულშეღონებული სტუმრის პოზიციაა, გამომცემლობებს საკუთარი სიმართლე აქვთ, კომფორტული გარემოს შექმნა, ყველაზე მეტად, ალბათ, მათვე აძლევთ ხელს, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც საჭიროა და უკეთესი.

მადლობა ორგანიზატორებს მშვენიერი საფესტივალო კატალოგისთვის. საკატალოგო რევიუებს კონკურსით არჩევენ და ვისაც დიდი თუ მცირე 2ფესტივალების კატალოგებში მოხვედრის ეშხი და მუღამი ესმის, დამეთანხმება, რომ დიდი პატივია და უზომოდ სასიამოვნო. მეორე წელია, რევიუს ვაგზავნი საკონკურსოდ და ძალიან მომწონს,  ჩემი პოსტები Mariefille-ს, სტავროგინის, ბიოს რევიუების გვერდით რომ იბეჭდება.

მადლობა “დიოგენეს“,  “არტანუჯს” და “ინტელექტს” მშვენიერი, ინფორმაციული და მოხერხებული ელექტრონული კატალოგისთვის. განა ის მაწუხებს, რამე არ გამომრჩეს-მეთქი – სანამ ოფიციალური ვებგვერდები და ფეისბუქფეიჯები არსებობს, მოლის (და მოლის მკითხველს) ერთი ახალი წიგნიც არ გამოეპარება, – მაგრამ ელექტრონული გზამკვლევი მაინც სხვაა…

მადლობა “დიოგენეს” ფანტასტიკური, ჭეშმარიტად სადღესასწაულო სეილისთვის. კოლეგა ბლოგერს დავესესხები და ვიტყვი, რომ “დიოგენე” ჭირშიც და ლხინშიც ჩემი “დიოგენეა”. ფასზე არასოდეს ვწუწუნებ, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა, თავად გამომცემლობა რომ ზრუნავს მკითხველზე, ერთგულებას უფასებს და სერიოზული დისქაუნთით ანებივრებს.

ჰო, ბარემ იმასაც გეტყვით, ძვირფასო “დიოგენე”, რომ “პრაღის სასაფლაოს” სოლიდური იერი და ჰარდქავერი მოუხდებოდა და მერე რა, თუ ფასი რამდენიმე ლარით მოიმატებს – ავიტანთ როგორმე.3

მადლობა “სულაკაურს” მძიმე შრომისთვის. ეს გამომცემლობა არასოდეს ჩერდება, გამუდმებით გვაწვდის ახალ-ახალ თარგმანს და პალიტრაც ისეთი აქვს, საშენოს ყოველთვის იპოვი… ფანჯიკიძიდან გეიმანამდე, ახალი მურაკამი, წლის 15 საუკეთესო მოთხრობა, კინობიბლიოთეკა და მსოფლიო კლასიკა, ლემი და რუშდი, თანამედროვე ქართული პროზა და უცხოელი მეტრები – რაღაც აუცილებლად დაგაინტერესებს.

მადლობა “აგორას” ფრანგული “პატარა პრინცისთვის”. ჰო, გადავწყვიტე, “პატარა პრინცის” გამოცემები შევაგროვო და თუ მოლის გახარება გინდათ, ამაზე უკეთესს ვერაფერს აჩუქებთ. ენას, ფორმატს და გამოცემის დროს მნიშვნელობა არ აქვს :)

მადლობა “ბიბლუსის” უკრაინელ პარტნიორს. ფასმაც და ხარისხმაც სასიამოვნოდ გამაოცა. იმედია, “ბიბლუსის” ბუქსთორებში ერთი კუთხე ყოველთვის ექნებათ და ახალ-ახალი წიგნების ჩამოზიდვასაც არ დაიზარებენ.

მადლობა გამომცემლობებს ერლენდ რუს, სტიან ჰულეს, ნინო ხარატიშვილის, პატრიკ ვუდკოკის მოწვევისთვის, ყველა გაგებით გემრიელი პრეზენტაციებისა და ავტოგრაფსესიებისთვის. ზუსტად ასეთი რაღაცები ქმნის ფესტივალს, თორემ წიგნის ყიდვა მაღაზიაშიც შეიძლება.

მეტი რა გითხრათ… მოლის ბიბლიოთეკის ახალ შენაძენს სურათებზეც ხედავთ. სადღაც მაქვს თავის დროზე წაკითხული, წიგნის ფესტივალზე ფულის დაზოგვა არაფრით გამოდის, მაინც იმაზე მეტს იყიდი, ვიდრე აპირებდიო და, მგონი, მართალია. “კორალაინი” და “პრაღის სასაფლაო”, “პუტინის 4რუსეთი” და “პატარა პრინცი”, ” ვუდი ალენი და ძია გაბო, ფენტეზი და დეტექტივი, კლასიკა და თანამედროვე პროზა… არა, ფულს სადმე სხვაგან დავზოგავ.

რამდენიმე გამომცემლობას კი მეგობრულად ვურჩევდი, გაეაზრებინათ, რომ სახელგამების, 22-კაპიკიანი უსახური წიგნების, გეგმური განაწილებისა და გეგმური შესყიდვის დრო წავიდა…  ინფორმაციის საუკუნეში ვცხოვრობთ, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, ფეისბუქი, თუ არ სმენიათ, უკვე გამოგონილია და მკითხველთან უშულო კონტაქტიც შესაძლებელია. მეტიც – აუცილებელია. არ დაიზაროთ, ძვირფასებო, მკითხველს მოუსმინეთ და რიგები თქვენც დაგიდგებათ.

დასასრულ, ერთ ამბავსაც გეტყვით: ხმები დადის, წიგნის ფესტივალი საახალწლოდაც გაიმართებაო და წარმოიდგინეთ, როგორ მიხარია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მერამდენე წელია, მაინტერესებს, როგორი შეგრძნებაა, “ექსპოს” მეთერთმეტე პავილიონში რომ დაბოდიალობ და არ გცხელა.


Filed under: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი Tagged: აგორა, არტანუჯი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბიბლუსი, გამომცემლობა "ინტელექტი", დიოგენე, ელფი, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, მოლი ბლუმი წიგნის ფესტივალზე, ოჩოპინტრე, სიესტა, წიგნები ბათუმში, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სტივენ კინგის ვირუსი

$
0
0

stephen king. The Mist

ქართულ გამომცემლობებს “სტივენ კინგის ვირუსი”  შეეყარათ-მეთქი, რომ გითხრათ, ოდნავ, სულ ოდნავ გადავაჭარბებ.

თუ არ გჯერათ, თავად დათვალეთ.

დიოგენემ” ოთხი ბუთქუნა ტომი ხომ გამოსცა, “ბნელი კოშკის” სერიაც დაქოქა და “მისტერ მერსედესის“, ცინცხალი, ჯერაც გამოუქვეყნებელი რომანის, ქართულ თარგმანსაც გვპირდება – ბევრი არ დააგვიანდებაო.

პალიტრამ” ჯერ “და ბუა მოვიდა…” გადმოაქართულა, მერე – “უიმედოთა ქალაქი” და სულ ახლახან, საფესტივალოდ, ისეთი თითებჩასაკვნეტი საკითხავი ამოაცოცა კალათიდან, თქვენი მოწონებული.

ჰო, “ნისლზე” გიყვებით. კინგის მოთხრობების კრებულზე.

ამ კვირადღეს ფეხი არსად გამიდგამს. ვირუსისა რა მოგახსენოთ და ცოტა კი შემაცია. ჰოდა, ვიწექი შინ ნებივრად, ნიგვზიანი ბადრიჯნის დიეტაზე გახლდით (ოჯახის ექიმმა გამომიწერა ნაცნობობით), ველოდებოდი ფეხბურთს და ვკითხულობდი ერთიმეორეზე გულისგასახეთქ ამბებს.

თარგმანის ამბავი თუ გაფიქრებთ, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ – ნიკა სამუშიაა მთარგმნელი, ჩვენი მთავარი კინგოლოგი, ჩინებული მოქართულე, და მისი გვარ-სახელი რომ ხარისხის ნიშანია, ყველამ იცის.

კლასიკას არაფერს ვერჩი, მაგრამ თანამედროვე მწერალს ასე ხშირად რომ თარგმნიან, ძალიან კარგია. მე-18 საუკუნით არ ვცოცხლობთ, ანუ.

ოცდაორი ტექსტია კრებულში და “ნისლით” იწყება – კინგის გახმაურებული მოთხრობით. “ნისლის” მიხედვით ფილმიც გადაუღიათ და ლეგენდარული კომპიუტერული თამაშების – Half-life-ის და Silent Hill-ის ინსპირაციაც გამხდარა, თავად მოთხრობასაც გაუთქვამს სახელი და არა მგონია, სიუჟეტი არ იცოდეთ, მაგრამ ვაითუ ისეთმა  მკითხველმა შემოგვიაროს, მისალოცად რომ აქვს საქმე და  ჯერ არ წაუკითხავს. ჰოდა, მოგიყვებით.

კომპოზიცია კლასიკურია, ჰორორის ნებისმიერ მოყვარულს რომ აღაფრთოვანებს, ისეთი: პატარა ამერიკული ქალაქი, უცნაური ნისლი, სადაც მონსტრები ბუდობენ, სუპერმარკეტში შეხიზნული ადამიანები, ამაოდ რომ ეძებენ ხსნას და უიმედობის საშინელი განცდა…

ამას კინგის ოსტატობა დაუმატეთ და ისეთ საკითხავს მიიღებთ, უკანასკნელ ფურცლამდე რომ ვერ მოსწყვეტთ თვალს.

ჰო, წიგნის ფინალი ფილმისას არ ემთხვევა. ფინალი გაოგნებულებს დაგტოვებთ, გპირდებით. აბა, რას ელოდით – კინგია, ვინმე მოცლილი გრაფომანი კი არა.

კიდევ “ღმერთების ტექსტ-პროცესორს” გირჩევთ, “მაიმუნს”, “მისის ტოდის მოკლე გზას”, “მერძევეს”… რომელი ერთი დავასახელო… ისეთია ეს ბუთქუნა წიგნი, თავიდან უნდა მიჰყვე და ბოლომდე სულმოუთქმელად ჩააბულბულო.

და შესავალი და ბოლოთქმა… ეგ რაღა წასაკითხიაო, იფიქრებს ვინმე, ასეთი მოთხრობების ფონზე შესავალი და ბოლოთქმა რა მოსატანიაო, მაგრამ, დამიჯერეთ, არ არის გამოსატოვებელი. ჩათვალეთ, რომ ცალკე მოთხრობაა. კინგთან სულ ასეა.

მოკლედ, მოლის თუ ენდობით, არ არის ხელიდან გასაშვები წიგნი. თან ზაფხული მოდის, შვებულების, დასვენების, ამო საკითხავის დრო და საშვებულებოდ წიგნების გადაწყობას რომ დაიწყებთ, “ნისლი” არ გამოგრჩეთ.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: და ბუა მოვიდა, დიოგენე, მისტერ მერსედესი, მოლის ბიბლიოთეკა, ნიკა სამუშია, ნისლი, პალიტრა L, პროზა, ჟანრული პროზა, საშინელებათა ჟანრი, სტივენ კინგი, უიმედოთა ქალაქი, ქართული თარგმანი, Horror

გზაზე ერთი ბიჭი მიდიოდა

$
0
0

kim georgian edition

პირველად დაიბეჭდა თბილისის წიგნის მეთექვსმეტე საერთაშორისო ფესტივალის კატალოგში.

 

მოგზაურობა გიყვართ? ოღონდ ცივილიზებულ ქვეყნებში კომფორტულ გადაადგილებას არ ვგულისხმობ, ბოინგით რომ ჩაფრინდები რომელიმე თანამედროვე აეროპორტში, სასტუმროში მისრიალდები, ცხელ შხაპს მიიღებ და ქალაქის ღირშესანიშნაობათა დასათვალიერებლად გასწევ კოხტად გამოწყობილი, ასფალტ-ასფალტ. საღამოს კი რესტორანში გაიჯგიმები ოფიციანტის მოლოდინში, მუხლზე ქათქათა ხელსახოცგადაფენილი.

მე სხვა სამყაროში სამოგზაუროდ გეპატიჟებით, ხმაურიან, ფერად, ათასი ჯურის მაწანწალით, სიქჰებით, სიფაიებით, რიქშებით დასახლებულ სამყაროში, სადაც ერთმანეთს ერწყმის აღმოსავლეთი და დასავლეთი, სადაც ქუჩები სავსეა ხმამაღალი გადაძახილით, ბაზარში ტროპიკული ხილის თავბრუდამხვევი სურნელი ტრიალებს და ვიწრო შუკაში მოულოდნელი ხიფათია ჩასაფრებული; აქ ვერავის ენდობი, რადგან ვერასოდეს გაიგებ, ვინ მტერია და ვინ – მოყვარე, ვინ ინგლისის ჯაშუშია და ვინ – რუსეთის… ეს ინგლისელი ნობელიანტის – რედიარდ კიპლინგის ინდოეთია.

აქ, ქალაქ ლაჰორში, პატარა ობოლი ცხოვრობს, კიმბოლ ო’ჰარა, ინდოელი ქალისა და ირლანდიელი მედროშის პირმშო, გონიერი და გამჭრიახი ბიჭი, ზამ-ზამაჰის დიდი ქვემეხის ლულაზე დიდკაცურად ჯდომა რომ უყვარს – აკი ამბობენ, ვინც ამ “ცეცხლისმფრქვეველ გველეშაპს” დაეპატრონება,  ჩათვალოს, მთელი პანჯაბი მისიაო. ჰოდა, ისიც ზის არხეინად, ელოდება მწვანე მდელოზე წითელი ხარის გამოჩენას, ოღონდ ჯერ არ იცის, ბედი ტიბეტელ ლამასთან შეხვედრას რომ უმზადებს; არც ის იცის, იმ დღიდან ყველაფერი რომ შეიცვლება და მისი ცხოვრება ერთ დიდ თავგადასავლად იქცევა.

კიმი მაუგლია, ეული და მიუსაფარი, ოღონდ მგლების ნაცვლად უცხო ადამიანების ხელში მოხვედრილი და თავისი გონიერების წყალობით პოლიტიკურ შპიონაჟში ჩაბმული, ათას ფათერაკს გადაყრილი და გადარჩენილი…. არადა, ყველაფერი სულ უბრალოდ იწყება – ერთი თეთრი ბედაურის გენეალოგიით, საიდუმლოებით მოცულ ავღანელ ჩოდარს, მაჰბუბ ალის, პოლკოვნიკ კრეიტონისთვის რომ შეუგულებია.

და იწყება “დიდ თამაშად” წოდებული ხიფათიანი გზა, საიდანაც უკან ვერ დაიხევ – ერთი თუ დაადექი, ბოლომდე უნდა გაიარო. კიმს კი სხვაზე მეტად გაუმართლა ამ გზაზე – მოხუცი მოძღვარი ახლავს და თუ ბიჭი სხეულის საყრდენად გამოსდგომია ლამას, თავად სულიერი საყრდენია, საიმედო და უღალატო.

ჰოდა, ჩვენც მივყვებით ამ უცნაურ წყვილს, მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ, ვისუნთქავთ უჩვეულო არომატებით გაჯერებულ ჰაერს, სმენაგაფაციცებულნი ვუსმენთ მასონთა და მსტოვართა ღამეულ ჩურჩულს და ნელ-ნელა ვეზიარებით იმ მომნუსხველ სამყაროს, კიპლინგის ინდოეთი რომ ჰქვია.


Filed under: ლიტერატურული კონკურსები Tagged: გია ჭუმბურიძე, დაზვერვა, დიდი თამაში, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ზაზა ჭილაძე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, ინდოეთი, კატალოგი, კიმი, ლალი ჭინჭარაული, ლიტერატურული კონკურსი, პოლიტიკა, პროზა, რადიარდ კიპლინგი, რუსეთი, ქართული თარგმანი, შპიონაჟი

“საბა”: ოცდაოთხსაათიანი მოლოდინის რეჟიმში

$
0
0

 

20140921_213706

ჩემი “საბა”

არ მგონია, ვინმეს დავიწყებოდა, მაგრამ მაინც იმით დავიწყებ, რომ ხვალ “საბაა“, წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა, რუსთაველის თეატრში და “რუსთავი-2″-ის ღია ეთერში, ოცდაორში ოცდაორზე.

საერთო აზრი “საბაზე” კი არა, ნობელის ლიტერატურულ პრემიაზეც არ არსებობს. ზოგი ემადლიერება, ზოგი ეჭვის თვალით უყურებს – წიგნების ერთმანეთთან შედარება და საუკეთესოს გამოვლენა რა ახირებაა, ჩემთვის საუკეთესო ის არის, რაც მე მომწონსო, მაგრამ ფაქტია, “საბაზე” მაინც ყველაზე მეტს ლაპარაკობენ, ყველაზე დაწვრილებით განიხილავენ, შორთლისთში მოხვედრა ყველაზე მეტად უხარიათ და გამარჯვებითაც ყველაზე მეტად ამაყობენ.

ჰოდა, მოლი ამ ამბავს როგორ გამოტოვებდა. მით უფრო, ჩანთაში კუწკუწა მოსაწვევი უდევს და ორშაბათს ნომინანტებზე ნაკლებად არ ელოდება :). სანამ წლევანდელი ტრიუმფატორების ვინაობა გაგვიგია, მოდი, ერთად გადავხედოთ ნომინანტთა სიას – რა გვაქვს და რას ველით.

შეხსენება ზედმეტი მგონია, მაგრამ კიდევ ერთხელ და ძალიან მოკლედ – ფორმატზე: ჯერ ლონგლისტი ივსება მთელი წლის ლიტერატურული მონაგარით, მერე მკაცრად გასაიდუმლოებული ჟიური არჩევს რჩეულთა შორის რჩეულებს – შორთლისტს და ბოლოს უკვე – ლაურეატებს.

ვიდრე საქმეზე გადავალ, რამდენიმე აუცილებელი განმარტება უნდა გავაკეთო. რიტორიკაში წერია, ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო და მე ვინ ვარ, რომ ეს წესი არაფრად ჩავაგდო :)

შორთლისტში ჩემი მეგობრებიც არიან, ადამიანები, რომელთა წარმატებაც გულით მახარებს და ყოველთვის და ყველგან ვგულშემატკივრობ, მაგრამ ახლა ზედმიწევნით ობიექტური ვარ – წიგნებზე ვყვები და სხვანაირად არ გამოვა, ერთი კარგი ქართული ფილმისა არ იყოს, პირადი გრძნობები გვერდზე უნდა გადავდო.

წლევანდელი ნომინანტების სიას, თავადაც შეამჩნევდით, რამდენიმე გვარი აშკარად აკლია, რამდენიმე კი ისეთია, უხერხულად რომ აგაჩეჩინებს მხრებს, ამათ აქ რა უნდოდათო… ირაკლი კაკაბაძის და ანა კორძაია-სამადაშვილის არყოფნით, “საბამ”, ჩემი მოკრძალებული აზრით, ბევრი დაკარგა, მაგრამ ჟიურის სხვაგვარად გადაუწყვეტია და ვერაფერს გავაწყობთ.

კიდევ ერთიც: გამოცნობანას თამაშს არ ვაპირებ, რიგითი მკითხველი გახლავართ და რეგალიებით მოსილ მეტრებთან სად მოვალ, მაგრამ რაკი წიგნები, საბოლოო ჯამში, ჟიურისთვის კი არა, სწორედ რიგითი მკითხველებისთვის იწერება, ჩემს ნააზრევსაც მოგახსენებთ.

ყველაზე მძიმეწონიან – “საუკეთესო რომანის” ნომინაციაში ერთადერთ ინტრიგას ვხედავ – მისცემენ აკა მორჩილაძეს მეექვსე “საბას” “მორიდებული ზურმუხტისთვის” თუ ჯილდო ლაშა ბუღაძის ეპატაჟურ “Lucrecia515“-ს ერგება. აქ საფიქრალი მეტი არაფერი უნდა იყოს.

საუკეთესო პროზაული კრებულის  ტიტულის ყველაზე რეალურ კანდიდატად ფეისბუქის გვერდებზე არჩილ ქიქოძის “ჩიტის და კაცის ამბავს” ასახელებენ, მაგრამ მე უფრო დიანა ანფიმიადის ყველა გაგებით უგემრიელესი “პირადი კულინარია” მესიმპათიურება. ყოველმხრივ გამორჩეული ტექსტებია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მსგავსი ლიტერატურულ-კულინარიული სინთეზი ჩვენთან აქამდე არ შექმნილა – ისედაც თავიდან ბოლომდე კარგია და ყელის ჩასაკოკლოზინებელი.

საუკეთესო პოეტური კრებულის წოდებისთვის ისეთი ავტორები იბრძვიან, სამ ლიტერატურულ პრემიას ეყოფა – სალომე ბენიძე, გაგა ნახუცრიშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ეკა ქევანიშვილი… თუმცა არ გამოვრიცხავ,  ტიტული ბათუ დანელიას ერგოს. მოკლედ, “სიკვდილის ჯგუფიო”, თუ გაგიგონიათ, ეს არის.

საუკეთესო თარგმანისთვის განკუთვნილ ჯილდოს, შარშანდელივით, “სულაკაური” და “დიოგენე” შეეცილებიან ერთმანეთს, თუმცა, შარშანდელისგან განსხვავებით, შორთლისტი, ცოტა არ იყოს, მოკლე მეჩვენება. “დიოგენეს” გადასარევი “დიოგენეს ბიბლიოთეკა” და სერია “ამერიკელები” აქვს და “სულაკაურთან” თარგმანი ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჰოდა, არც ამათი ლიდერობაა გასაკვირი. “დიოგენეს ბიბლიოთეკა” წელს ჯულიან ბარნსის “ფლობერის თუთიყუშით” და რედიარდ კიპლინგის “კიმით არის წარმოდგენილი, “ამერიკელები” – ქეთი ქანთარიას ფანტასტიკურად თარგმნილი როტის “პორტნოის სინდრომით“. “საბას” ალბათ სამივე იმსახურებს, მაგრამ ლუის კეროლის “ალისა”… უკაცრავად, “ელისი” ლეგენდა და საბავშვო ლიტერატურის საეტაპო ნაწარმოებია და, პრიზსაც, ვფიქრობ, გიორგი გოკიელი დაისაკუთრებს.

ყველაზე საინტერესო, ალბათ, მაინც დებიუტანტების პაექრობაა. ნამდვილი, ცინცხალი, მძაფრი, ავტორიტეტების არმცნობი… აქ ლია ლიქოკელია, რომლის “დევის ცოლის სიცილსაც” ლამის გამოცემის დღიდან “საბას” უწინასწარმეტყველებენ, რუსუდან რუხაძის უგემრიელესი “ჩაისთან მოსაყოლი ამბები” და Toresa Mossy-ს ფრიად ორიგინალური “სიბრძნე სიცრუისა“.  პირველ “საბას”, როგორც ვატყობ, ამ სამეულიდან ერთს არგუნებენ და სადებიუტო წიგნის გამარჯვება რამხელა ამბავია, თავად წარმოიდგინეთ.

ესეისტიკასა და დოკუმენტურ პროზაში აკას “ქართულის რვეულებია” წარდგენილი და აკასთვის უკვე გაცემული თუ აწი გასაცემი ყველა “საბა” არ დამენანებოდა, მაგრამ “ცრემლიანი სათვალეც” აქვეა, გოგი გვახარიას კინოსეანსიდან კინოსეანსამდე დაწერილი საქართველოს ისტორიის ფრაგმენტი, და ძალიან გამიკვირდება, პრემია სხვას თუ ხვდა წილად.

პიესებსა და ლიტერატურულ კრიტიკაზე ვერაფერს მოგახსენებთ – არ მიყვარს იმაზე ლაპარაკი, რასაც საფუძვლიანად არ ვიცნობ.

აი, ასეთი ამბებია, ჩემო კარგებო. მოლის პროგნოზი ხომ გაგაცანით, ახლა თქვენსას ველოდები. ბოლოს და ბოლოს, წიგნებზე საუბარი, წიგნების ავ-კარგი კი თქვენზე, მკითხველებზე უკეთ არავინ იცის.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: აკა მორჩილაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, არჩილ ქიქოძე, ბათუ დანელია, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გაგა ნახუცრიშვილი, გიორგი გოკიელი, გიორგი ლობჟანიძე, გოგი გვახარია, დიანა ანფიმიადი, დიოგენე, ეკა ქევანიშვილი, თანამედროვე ქართული ლიტერატურა, ირაკლი კაკაბაძე, ლაშა ბუღაძე, ლია ლიქოკელი, ლიტერატურული პრემია "საბა", მოლის ბიბლიოთეკა, ჟიური, რუსთაველის თეატრი, რუსთავი 2, რუსუდან რუხაძე, სალომე ბენიძე, ქართული თარგმანი, ქეთი ქანთარია, შორთლისტი, non fiction, TBC ბანკი, Toresa Mossy

კინგია და იმიტომ

$
0
0
მისტერ მერსედესი ჯოილენდი "დიოგენე", 2014

მისტერ მერსედესი ჯოილენდი
დიოგენე“, 2014

ამ წიგნს მოუთმენლად ველოდი.

როგორც წესი, ახალ თარგმანებს ჯერ რუსულად ვკითხულობ ხოლმე – თუ მაინტერესებს, ვერ ვითმენ და რა ვქნა. თუმცა ამჯერად ტრადიცია დაირღვა და სტივენ კინგის “მისტერ მერსედესი“ თავიდანვე ქართულად ვიგდე ხელთ – “დიოგენედან“ წამოვაცუნცულე ცინცხალი თარგმანი.

ავტორისადმი ჩემი დამოკიდებულება საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, მითუმეტეს, ვისაც ძველი პოსტი აქვს წაკითხული; ამიტომ არც ის გაუკვირდება ვინმეს, რომ მყიდველთა პირველ რიგებში ვიდექი, მაგრამ, ზაფხულიდან მოყოლებული, რეჟიმი მქონდა ისეთი, წასაკითხად აქამდე ვერ მოვიცალე.

სამაგიეროდ, შაბათ-კვირა დავგეგმე ჩინებულად – მოვკალათდი სავარძელში, გავეხვიე პლედში, მოვიდგი ყავის უზარმაზარი ფინჯანი და დავიწყე.

ახლა, რომ გითხრათ, სანამ ბოლოში არ გავედი, ხელიდან არ გამიგდია-მეთქი, არ ვიქნები მართალი; თუმცა, გულახდილად უნდა ვაღიარო, რომ შედევრი არ არის – უბრალოდ, კარგი წიგნია.

როგორც მოსალოდნელი იყო, აქაც ფსიქოლოგიური ლაბირინთია და ყველაფერი იმ უბედურებიდან იწყება, სამუშაოს მომლოდინეთა გრძელ რიგში უეცრად შეჭრილი ნაცრისფერი მერსედესი რომ დაატრიალებს.

თხრობა პარალელურია და ერთი და იგივე ამბავს პოლიციელი და მანიაკი მკვლელი გვიამბობენ; შესაძლოა, დეტექტიური თავსატეხების მოყვარულებს ამან ცოტა იმედი გაუცრუოს, მაგრამ თუ თქვენი მასპინძლის ლიტერატურულ გემოვნებას ენდობით, აქ ნამდვილად ასე სჯობს, იმიტომ, რომ მთელი მარილი ზუსტად ამაშია, ამ პარალელურ სიუჟეტში, დეტალურად, მთელი მონდომებით შექმნილ ხასიათებში, მინოტავრისა და თეზევსის შეხვედრის მოლოდინში…

ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მთლად ჩვეულებრივი კინგი არ გახლავთ – მისტიკისა და საშინელებათა თაყვანისმცემლები, ცოტა არ იყოს, უკმაყოფილონი დარჩებიან, სამაგიეროდ, ადამიანის გონების ბნელ წიაღში ხეტიალის მსურველებს ნამდვილად მოეწონებათ.

ცალ მხარეს ბილ ჰოჯიზია, მეორე მხარეს კი – მისტერ მერსედესი, მანიაკი და მკვლელი, რომელმაც რატომღაც გადაწყვიტა, დუელში ყოფილი პოლიციელი გამოიწვიოს.

რით დამთავრდება ეს დუელი და რომელი გმირი დატოვებს ბარიერს საკუთარი ფეხით – ამას თავად ნახავთ. პროგნოზების იმედად ყოფნა, როცა საქმე ღრმად პატივცემულ სტივენს ეხება, ცოტა რთული საქმე გახლავთ.

მაშინაც კი, როცა ეს მთლად მისეული შედევრი არ არის.

მაშინაც, როცა ამბავი ოდნავ გადატვირთული და გაწელილი გეჩვენება – მაინც ისეთია, სანამ არ დაამთავრებ, გვერდზე არ გაგახედებს.

უსამართლობა იქნება, მუდმივად სრულყოფილებას ველოდეთ ერთი ავტორისგან.

თუნდაც „საშინელებათა მეფისგან“

თუნდაც სტივენ კინგისგან.

ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი წიგნია, რომელიც სხვა კარგ წიგნებზე ადრე უნდა წაიკითხო, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ კინგია.

და ამ ჟანრში ერთი ნაბიჯით მაინც სხვებზე წინაა.

კინგია და იმიტომ.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ბილ ჰოჯიზი, დეტექტივი, დიოგენე, თეზევსი, მანიაკი მკვლელი, მინოტავრი, მისტერ მერსედესი, მისტიკა, მოლის ბიბლიოთეკა, პოლიციელი, პროზა, ჟანრული პროზა, საშინელებათა ჟანრი, სტივენ კინგი, ფსიქოლოგიური თრილერი, ქართული თარგმანი, Horror

თბილისის წიგნის ოთხი დღე

$
0
0
Tbilisi Book days 2014

Tbilisi Book days 2014

მაისში, წიგნის ფესტივალზე, გემახსოვრებათ, ხმა გავრცელდა: რაღაც ამდაგვარი წლის ბოლოსაც ჩატარდებაო, ოღონდ კონკრეტული არავის არაფერი დასცდენია. ჰოდა, ისე გამოვიდა, თბილისის წიგნის დღეები ბიბლიოფილებს ღრმად სასიამოვნო სიურპრიზად დაატყდა თავს.

ყოველი შემთხვევისათვის, ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო და შემოდგომის  ბოლო უიქენდის გეგმების გადაწყობაც ფორს-მაჟორულ რეჟიმში მომიხდა.

წიგნის ფესტივალი ღმერთმა ოთხდღიანი შექმნა – არ იჩქარო, ოთხივე გამოიყენეო. ჩემს სამსახურს ამ მარტივ ჭეშმარიტებაზე, რატომღაც, განსხვავებული მოსაზრება აქვს და ხუთშაბათ-პარასკევს “ექსპოს” სტუმართმოყვარე პავილიონებში ატეხილ თუხთუხს და რიარიას შორიდან ვადევნებდი თვალს, გაავებული და გაბოროტებული. არა, წიგნები კი მომიცუხცუხეს კეთილმა ადამიანებმა, მაგრამ სხვა რომ გაგეგზავნება ერთია და შენ რომ დაბოდიალობ სტელაჟებს შორის – მეორე…

ვეჭვობ, მარტო მე კი არა, ორგანიზატორებიც ღრმა ცაიტნოტში აგვარებდნენ ტექნიკურ საკითხებს, თუმცა ღონისძიების მთავარ ფბ-გვერდზე საგანგებო კატალოგების გამოფენა მაინც მოახერხეს. იდეალური რა არის ამქვეყნად, ეს ყოფილიყო, საფესტივალო რუქის შედგენაში კი ძალიან დამეხმარა.

კიდევ ერთ სიახლეს – ერთლარიან ბილეთს დიდხანს და საგულდაგულოდ არჩევდა ფბ-საზოგადოება. არადა, მე თუ მკითხავთ, ყველაფერი მარტივზე მარტივია: თუ ჩემი ერთი ლარი საგამომცემლო საქმეს, კერძოდ კი საფესტივალო აქტივობის უკეთ წარმართვას წაადგება, ამით მე, რიგითი მკითხველი მოლი, მხოლოდ მოვიგებ. დანარჩენი ლირიკაა.

წიგნის დღეები კი გამოდგა წიგნმრავალი, მაგრამ უშუალოდ საფესტივალო სიახლე, სიმართლე გითხრათ, ბევრი არ შემხვედრია. უფრო ფასდაკლებაზე და “წინასაახალწლო ფასთაცვენაზე” იყო ორიენტირებული. გადასარევი დისქაუნთით გაანებივრა მკითხველი “დიოგენემ“, გემრიელი ფასები ჰქონდა “ოჩოპინტრეს” (შანსს არ უშვებენ ხელიდან-მეთქი, ხომ გიყვებოდით), “ინტელექტს“, “პალიტრას“, ქარჩხაძის გამომცემლობას, “პარნასს“…  ტრადიციული ოცდახუთპროცენტიანი სეილი – “სულაკაურს“. DK-ს ფანტასტიკური “მუსიკა – ილუსტრირებული ისტორია“, მაგალითად, თხუთმეტლარიანი ფასდაკლებით ვიგდე ხელთ და ამ თხუთმეტ ლარად სამი სხვა წიგნი მერგო.

სიახლე მეცოტავა-მეთქი, კი გითხარით, მაგრამ მთლად ხელცარიელიც არ წამოვსულვარ. “მუსიკას” (წლის უდავოდ საუკეთესო შემეცნებით ალბომს) სალი გრინის “ნახევრად ცუდი” და ენ მარტინის უსაყვარლესი “ჩემს დასთან ცხოვრების 10 წესიც“მივუმატე, გიორგი მაისურაძის თავის დროზე გაჩუქებული ორი წიგნიც დავიბრუნე კოლექციაში, “დიოგენეს” “ვეფხისტყაოსნის” განმარტებები და სქელ-სქელი “რეკლამა და პრომოციაც” წამოვაცუნცულე, “ლოგოს პრესის” სტენდიდან ახლახანს თარგმნილი ჭადრაკის სახელმძღვანელო წამოვაყოლე ხელს, “აგორასთან” დიუმას ზღაპრებს გადავაწყდი, “დილას საყმაწვილო ბიბლიოთეკის რამდენიმე ტომი შევარჩიე…  მოკლედ, უკმაყოფილო არ დავრჩენილვარ.

ბიბლიოღრეობის პარალელურად რამდენიმე ძალიან საინტერესო გამოფენაც დავათვალიერე და კიდევ ერთხელ დამწყდა გული ორ დაკარგულ დღეზე.

სხვა რა გითხრათ… ექსპოს მეთერთმეტე პავილიონში ისევ ცხელოდა (როგორც ჩანს, კარმაა ასეთი და ვერაფერს გავაწყობთ), კონსულტანტები ისევ ცდილობდნენ გაღიმებას (ხან გამოსდიოდათ, ხან – არა) და ისევ უღმერთოდ იღლებოდნენ, ბავშვების სიმრავლე იგრძნობოდა, და, მგონი, ღირს საბავშვო წიგნის საახალწლო ფესტივალზე დაფიქრება…

და, ბოლოს, კიდევ ერთი სიახლე. ამბობენ, წლის მთავარი ღონისძიება დეკემბერში გველოდება, ნამდვილი საახალწლო ბიბლიოზეიმი “თბილისი მოლში” ჩატარდებაო. სულ მინდოდა, თემატური პოსტი დამეწერა სათაურით “მოლი მოლში” და, მგონი, წელს მოვახერხებ :)


Filed under: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი Tagged: აგორა, არტანუჯი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გამომცემლობა "ინტელექტი", გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, დიოგენე, ექსპო ჯორჯია, თბილისის წიგნის დღეები, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, ლოგოს პრესი, მოლი ბლუმი წიგნის ფესტივალზე, ოჩოპინტრე, პალიტრა L, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

ყინული-9, ანუ ბედ-დიჰ-ცეჰ-რაჰ

$
0
0

 

კურტ ვონეგუტი ჩემი საყვარელი მწერალი არ არის.

ჰოდა, ძალიანაც კარგი.

ძალიან კარგი იმიტომ, რომ თუ მწერალი გიყვარს, მთლად ობიექტური და სამართლიანი ვერ ხარ, რაღაც-რაღაცებზე თვალს ხუჭავ, რაღაც-რაღაცებს გულმოდგინედ არიდებ თვალს.

აქ ყველაფერი სხვაგვარად არის. არა, დადარაჯებული და ჩაკირკიტებული არ გეგონოთ – როდის შეეშლება რამე, როდის რა არ გამოუვა ლაზათიანად-მეთქი, მაგრამ მიუკერძოებელი თვალით რომ ვკითხულობ, ფაქტია.

“სარწეველა ფისოსათვის“ სწორედ ასე წავიკითხე – დაგემოვნებით და ნელ-ნელა. ავტორსაც არ გავუწბილებივარ – დასაგემოვნებელი ბევრი რამ დამხვდა. უპირველეს ყოვლისა, თხრობის მისეული სტილი – სიკვდილ-სიცოცხლის თემაზე სრულიად არასერიოზულად, ნახევრად ხუმრობით ლაყბობა. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს მწერალი ძილ-ბურანში გელაპარაკებოდეს.  ჯერ რაღაცას ლუღლუღებს გაურკვევლად – ბოკონონიზმიო, ფოომაო, ბოკო-მარუო… თავგზა აგებნევა კაცს. მერე, თითქოს ვიღაცამ წაუქიმუნჯა და შეაფხიზლაო, დალაგებულად იწყებს მოყოლას ატომური ბომბის მამაზე – დოქტორ ფელიქს ჰონიკერსა და მის შთამომავლებზე – ციცქნა ნიუტონზე, ახმახ ენჯელასა და, ცოტა არ იყოს, მოსულელო ფრანკლინზე. ცოტა ხანში ისევ ჩასთვლემს, ისევ აურ-დაურევს ერთმანეთში რაღაცებს აჯაფსანდალივით და თანდათან ხვდები, რომ ეს აბდაუბდა მოგწონს. მოგწონს ლაზღანდარობით მოყოლილი ისტორია მომაკვდინებელი ნივთიერების – ყინული-9-ის შესახებ, მოგწონს ბალანსირება აბსურდისა და რეალობის ზღვარზე; უკვე კარგად გესმის ავტორის სარკაზმი და აღარც პაციფისტური მოძახილი გჭრის ყურს, შიგადაშიგ რომ გაერევა ხოლმე საერთო კაკაფონიაში.

ამიტომაც მორჩილად მიჰყვები მთხრობელს, იონა რომ ჰქვია სახელად, სადღაც, ღვთისა და ხალხისგან მივიწყებულ, ყველასთვის ზედმეტ ბარგად მიჩნეულ კუნძულ სან-ლორენცოზე, ბოკონონის მოძღვრებაში იქექები, ყურს უგდებ მწერლის უთავბოლო ბურტყუნს და ნელ-ნელა ამოგაქვს მზის სინათლეზე სათქმელი – აი ასე, თამაშ-თამაშით მივალთ დასასრულამდე, სადაც სან-ლორენცოს ნაგლეჯზე რამდენიმე ადამიანთან ერთად დარჩენილი იონა გაჰყურებს ყინულის ოკეანეს და ორად ორ გამოსავალს ხედავს – თავის მოკვლას ან სიბერით სიკვდილს…

ვერაფერს იზამ – ეს ისაა… მოიცა, რა ჰქვიაო, როგორ ამბობს ბოკონონი? ჰო, გამახსენდა – ბედ-დიჰ-ცეჰ-რაჰ.

რაო, რას ნიშნავსო? თუ გგონიათ, გეტყვით, ოლოლო თქვენ! :ენის გამოყოფის სმაილი: წაიკითხავთ და თავად ნახავთ, რასაც ნიშნავს. მე თუ წავიკითხე და ცოტა დავრეტიანდი, ვითომ რაო? არც თქვენ გაწყენთ იმ მოთეთრო-მოცისფრო შხამის მცირე დოზა, და-ძმა ჰონიკერები პაწია თერმოსებით რომ დააპროწიალებენ.

დიახაც.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ამერიკელები, ამერიკული ლიტერატურა, ბიბლიო-სერიები, ბოკონონი, გია ჭუმბურიძე, დიოგენე, ზაზა ჭილაძე, თანამედროვე ამერიკული ლიტერატურა, ირმა ტაველიძე, კურტ ვონეგუტი, მოლის ბიბლიოთეკა, პროზა, სარწეველა ფისოსათვის, ფელიქს ჰონიკერი, ქართული თარგმანი, ყინული-9

მოლი მოლში. საფესტივალო გზამკვლევი

$
0
0

10801624_886407858058316_5753091907683268857_n

თბილისის წიგნის დღეები აგერ, ახლახან ჩავათავეთ,  ახალი წიგნები ბევრს თაროებზეც არ ექნებოდა შელაგებული, რომ უკვე მორიგი ბიბლიოორგია მოგვადგა კარს – წიგნის საახალწლო ფესტივალი “თბილისი მოლში”. გადასარევი ამბავია, სხვათა შორის – რაც მეტი, მით უკეთესი.

ბოლო ბიბლიოაურზაური, თავადაც შეამჩნევდით, უფრო ფასთაცვენაზე, ფასდაკლებებზე, მსუყე დისქაუნთზე იყო ორიენტირებული. საახალწლო ფესტივალზე, როგორც ჭეშმარიტ ზეიმს შეეფერება, ბევრი სიახლეა.  ჰოდა, ერთი გზამკვლევი, ვფიქრობ, არ გვაწყენს – პრიორიტეტებსაც თავიდანვე განვსაზღვრავთ და ბიუჯეტსაც უკეთ გავანაწილებთ.

სრული და ყოვლისმომცველი კატალოგი ვარო, ეს პოსტი ვერ დაიჩემებს – არც ადგილი მეყოფა საამისოდ და მაინცდამაინც საჭიროებასაც ვერ ვხედავ. მარტო ის მინდა, მოლისთვის საინტერესო წიგნებზე გიამბოთ; დანარჩენს თავადაც მშვენივრად მიხედავთ – აქ ისეთი გამოცდილი მკითხველი იყრის თავს, გამომცემლობების პრაისლისტებში ბარე ორ კონსულტანტზე უკეთ რომ ერკვევა.

მოკლედ, ვახსენოთ ღმერთი და მივყვეთ მოლის საახალწლო სიას.

“ინტელექტს” და “არტანუჯს” იმდენი სიახლე აქვთ, სულო ცოდვილო, ერთ თავმოყვარე ფესტივალს მარტოც ჩაატარებდნენ. პრეზენტაციები ოთხ საფესტივალო დღეზე აქვთ კოხტად გადანაწილებული და თუ მოიცლით, ყველას მონახულებას მოასწრებთ.

“არტანუჯი” გოგა ჩანადირის ღია ბარათების კრებულების წარდგენას გეგმავს. “ციდან დანახული საქართველო”, “ბათუმი ღამით”, “ანარეკლები. საქართველო” – მშვენიერი და 10559919_884478178251284_1402767172066632607_nხარისხიანი სუვენირებია. ჰალიდ ჰოსეინის “ფრანით მორბენალი” ახალი გამოცემაა, მაცდურად ჟღერს და აუცილებლად გადავავლებ თვალს.

ახლა “ინტელექტისაც” ვთქვათ. ჯერ კლასიკა – ნოდარ დუმბაძის “HELLADOS” კოლექციონერებისათვის, ნუგზარ შატაიძის “მოგზაურობა აფრიკაში” და “კუნძული” (გიორგი ოვაშვილის “გაღმა ნაპირის” და საოსკაროდ გამზადებული “სიმინდის კუნძულის” ლიტერატურული პირველწყარო, სხვათა შორის), მილორად პავიჩის ცინცხალი სამტომეული პავიჩოლოგებისათვის – “ხაზარული სიტყვის კონა”, “უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში” და “ჩაით დახატული პეიზაჟი”. გადმოქართულებული პავიჩი აქამდეც მოიძებნებოდა მაღაზიებში, მაგრამ კინკილა გამოცემა ერთია და საფირმო, სოლიდური სამტომეული – სულ სხვა…

პოეზია ჩემთვის პრიორიტეტული არასოდეს ყოფილა, მაგრამ პაატა შამუგიას “შიზოგადოებას” ჯერ ქავერი აქვს ისეთი, შეხედავ და გეტკინება, მერე სათაურია მრავლისმთქმელი და, ბოლოს და ბოლოს, პაატა შამუგიაა. ჰოდა, უყურადღებოდ ვერ დავტოვებ. ივა ფეზუაშვილის სადებიუტო “ვცადე”-ც მინდა. ივას ბლოგებს ვკითხულობ. გემრიელად წერს და კარგა ხანია, დროა, მისი სახელი და გვარი წიგნის გარეკანზეც ამოვიკითხოთ.

მე თუ მკითხავთ, ყველაზე საინტერესო მაინც ეკა ქევანიშვილის ლიტერატურული პროფაილებია, ჟურნალებში რომ იბეჭდებოდა სხვადასხვა დროს და ახლა წიგნად აიკინძა. დიანა ანფიმიადი, ანდრო ბუაჩიძე, ლაშა ბუღაძე,  ბათუ დანელია,  თეონა დოლენჯაშვილი, ნატო ინგოროყვა, ირაკლი კაკაბაძე, გიორგი კეკელიძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, მაკა ლდოკონენი, გურამ მეგრელიშვილი, მაკა მიქელაძე, გაგა ნახუცრიშვილი,  ლელა სამნიაშვილი,  დათო ტურაშვილი, თამრი ფხაკაძე, ბესო1525776_887811547917947_1873932781528852950_n ხვედელიძე და სხვები. გადასარევი ინტერვიუერი, საინტერესოზე საინტერესო ხალხი – გემრიელი საკითხავი, მოკლედ.

და, რა თქმა უნდა, “სიყვარულით სამზარეულოში” – სოფი ლორენის კულინარიული წიგნი ^_^ ორი თუ სამი თვის წინ მაჩვენა მეგობარმა ულამაზესი ქავერი და მას მერე ველოდები. კინოსი ბევრი არაფერი გამეგება, სამაგიეროდ, კულინარია მიყვარს ძალიან – სპორტის ოსტატი ვარ დეგუსტაციაში.

“დიოგენე” მკითხველს 20-90-პროცენტიანი ფასდაკლებით გაანებივრებს; “დიოგენეს ბიბლიოთეკის” რეპრინტებიც უხვად ექნებათ, ახალი, კრეატიული და ფრიად სახალისო დიზაინით; არც “ამერიკელების” ბოლო ორ ტომს გასვლია ყავლი; სპეციალური ფასები ვონეგუტსა და კერუაკზეც გავრცელდება; სხვა საჩუქრებიც იქნებაო და რა გითხრათ, სიუპრიზების მოწყობა “დიოგენეს” არც არასოდეს ავიწყდებოდა, საახალწლოდ – მით უმეტეს…

“აგორამ” დენიელ პენაკის ექვსწიგნიანი საგის გამოცემა დაიწყო: “კაციჭამიათა საბედნიეროდ” და “ფერია კარაბინით”. “რომანივით საკითხავის” ავტორის მხატვრული პროზა, სულ მცირე, საინტერესოა. სხვა სიახლეებიც მოიძებნება,  მაგრამ ერთი უდავოდ გამორჩეულია.

შეშლილი დღე ანუ ფიგაროს ქორწინება” უთარგმნია გიორგი ეკიზაშვილს, თან ისე, რომ მიხეილ თუმანიშვილის წლევანდელი პრემიაც აუღია საუკეთესო qartuli-ena-zarmacebisatvis-cover-2თარგმანისათვის. ეს პრემია გამოუცემელ თარგმანებს ენიჭება და მოსასწრებად აქვთ საქმე, იქნებ საფესტივალოდ დაიბეჭდოს. თუ მოხერხდა, ხომ კარგი და თუ არა – გამომცემლობის მისამართი კი ვიცი, მერე მოვიკითხავ.

ტრადიციულად მსუყე დისქაუნთი ექნება “ოჩობუქსს”.  თან სატარებელ წიგნებს გემრიელ ფასს დაადებენ. ჰოდა, თუ ოჩოს და პინტრეს კოლექციიდან კაფკას “პროცესი” გაკლიათ, ფრანსის “ანგელოზთა აჯანყება”, ან დოსტოევსკის “იატაკქვეშეთის ჩანაწერები“, შესავსებად უკეთეს დროს ვერ იპოვით.

ერთი ისეთი სიახლე მაქვს თქვენთვის, თითებს ჩაიკვნეტთ. თბილისის ზოოპარკის ფეისბუქ გვერდი ხომ იცით? კუწკუწა სტატუსებით ცხოველებზე. ჰოდა, ამ სტატუსების წიგნად აკინძვას აპირებენ. “ოჩობუქსის” და თბილისის ზოოპარკის ერთობლივი პროექტია. დეტალებს საფესტივალო პრეზენტაციაზე გაგვიმხელენ. სამუშაო ბევრია, თუ ყველაფერი კარგად გააკეთეს და არ იჩქარეს, უგემრიელესი წიგნი გამოვა. ჰოდა, არც ვჩქარობთო.

კიდევ ერთი გადასარევი ამბავი: ზინა გაბიჩვაძის “ქართული ენა ზარმაცებისათვის” ხომ გახსოვთ? აი, ის წიგნი, შარშან რომ უნდა გამოეცათ, ბლოგერების (და არამხოლოდ) სამაგიდო სახელმძღვანელო, გემრიელად მოყოლილი ქართული გრამატიკის ამბები? ჰოდა, ვეღირსეთ, როგორც იქნა, პრეზენტაციაა კვირას.

ფესტივალში არ მონაწილეობს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. მართალია, ცოტა უცნაურია მეტ-ნაკლებად მასშტაბური ბიბლიოაქტივობა “სულაკაურის” გარეშე, მაგრამ “კარფურში” უზარმაზარი სტენდი ისედაც უდგათ და საახალწლო ფასთაცვენა იმ სტენდზეც გავრცელდება. “სულაკაურის” ფერად-ფერად წიგნებს, დარწმუნებული ვარ,10320902_10152570925859211_7087125844160284627_o ჩემზე უკეთ იცნობთ  და თავადაც მშვენივრად შეარჩევთ; სიახლეებზე მოლის აზრი თუ გაინტერესებთ, DK-ს სრულიად ფანტასტიკურ “მხატვრობას” გირჩევდით, სალა სიმუკას “სისხლივით წითელს” და “სუპერკლაუსის თავგადასავალს” პატარებისათვის (და არამხოლოდ მათთვის).

საფესტივალო ჩამონათვალში ფორმალურად არ იქნება “ლოგოს პრესიც”, მაგრამ “მუსიკალური ჯადოსნური ჯოხის“, “პრინცესების საყვარელი ზღაპრების“, ეზოპეს იგავების, “პაწია საგანძურის“, ბერძნული მითებისა და სხვა ფერადი საყვარლობების მოძიება მაღაზიების სტენდებზეც შეიძლება (აი, რა სარგებლობა მოაქვს ფესტივალში ბუქსთორების მონაწილეობას). მე ახალი სერიის მეორე ტომი მაინტერესებს, საყმაწვილო მოთხრობების ანთოლოგია, გადასარევი სერიაა და ვგულშემატკივრობ კიდეც.

ეს გამომცემლობები… ბუქსთორების სტენდები ცალკე თემაა. კაცმა არ იცის, რომელ უცხოენოვან მარგალიტს გადააწყდები და ფასდაკლებები იმათაც მსუყე და გემრიელი აქვთ. “პარნასი”,  ,”წიგნები ვაკეში”, “დიოგენეს” წიგნის მაღაზია… ბათუმელებს “ლენიზდატის” პოკეტბუქების სრული კოლექცია ჩამოაქვთ, ბევრი Sci Fi და ფენტეზი, ბევრი საბავშვო წიგნი – როგორც ყოველთვის.

აი, ასეთი ამბებია, ჩემო კარგებო. ცხვირი მიგრძნობს, სასიამოვნოდ დატვირთული ფესტივალი გამოვა, თქვენ ის მითხარით, სამსახურს რა ვუყო. “თბილისი მოლში” ორომტრიალი ხუთშაბათს იწყება და შაბათ-კვირამდე რა გაძლებს!..


Filed under: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი Tagged: "დიოგენეს" წიგნის მაღაზია, აგორა, არტანუჯი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დიოგენე, თბილისი მოლი, თბილისის ზოოპარკი, თბილისის წიგნის დღეები, ინტელექტი, ლოგოს პრესი, პარნასი, სიესტა, წიგნები ბათუმში, წიგნები ვაკეში, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, წიგნის საახალწლო ფესტივალი, ochobooks

მოლი მოლში. წიგნის საახალწლო ფესტივალის კვალდაკვალ

$
0
0

my new year book festival

წინათაც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ – წიგნის ფესტივალის დღეები უქმეებად უნდა ცხადდებოდეს. იმიტომ კი არა, რომ შეგულებული გამოცემების ყიდვას ვერ მოასწრებ… როგორ ვერ მოასწრებ, უბრალოდ, მოსასწრებად არ უნდა გაგიხდეს საქმე – ბუქფესტი სტელაჟებს შორის აუჩქარებელი ბოდიალისთვის გაუჩენია ღმერთს.

სწორედ ეს ზანტი დაგემოვნება დამაკლდა თბილისის წიგნის დღეებზე და წლის უკანასკნელი ბიბლიოორგიაც რომ საათზე ყურებაში გამეტარებინა, როგორ მოვითმენდი… არ მკითხოთ, რა გზით, მაგრამ საახალწლო ფესტივალის ოთხივე დღის გამოყენება მოვახერხე, არც ყავა დამიკლია, არც აჭარული ხაჭაპური და წიგნები…

წიგნებზე მოგახსენებდით.

არ ვიცი, “ექსპოს” მასშტაბებს შეჩვეულს მომეჩვენა თუ მართლა არ იყო ბევრი ხალხი, მაგრამ სიხალვათე აშკარად იგრძნობოდა. რას იზამ, წლის ბოლოს სხვა მაღაზიები და სხვა პროდუქტებია აქტუალური. “თბილისი მოლის” მეორე სართულზე გაშლილ პატარა ბიბლიოკუნძულს მხოლოდ განსაკუთრებით ერთგული მყიდველები სტუმრობდნენ და, სულო ცოდვილო, ყველაფერს რომ თავისი პლიუსი აქვს, აქაც ის ამბავია – სტენდებს შორის ბოდიალიც უფრო კომფორტული გახლდათ და არც მაინცდამაინც ცხელოდა, სხვათა შორის.

იქაურობას შესამჩნევად დააკლდა “სულაკაურის” დიდი და სტუმარმრავალი სტენდი. რამდენიმე სხვა გამომცემლობა და წიგნის მაღაზიაც მოვისაკლისე. უმიზეზოდ არ მოხდებოდა ეს ამბავი, ცხადია, – ბიზნესს თავისი წესები აქვს და ყველაფერი ისე ვერ გამოდის, როგორც მყიდველს ურჩევნია, მაგრამ აშკარად დამაკლდა და რა ვქნა…

გადასარევი დისქაუნთი ჰქონდათ “დიოგენეს” და “ოჩობუქსს” – რასაც დაგვპირდნენ, შეასრულეს კიდეც. ოღონდ გულახდილად ვიტყვი – ახალი გამოცემები უფრო გაგვახარებდა. დროა, ოჩოს ხელით სატარებელ ხუთწიგნეულს მეექვსე და მეშვიდე წიგნებიც შეემატოს, “დიოგენეს” კი იმდენი კარგი პროექტი აქვს გასაგრძელებელ-დასამთავრებელი, ყველას რა ჩამოთვლის… “დიოგენეს ბიბლიოთეკა” განახლებული დიზაინით, “ამერიკელები” – სტივენ კინგის ბუთქუნა და ფერადი ტომებითა და “ბნელი კოშკით”, გადმოქართულებული უმბერტო ეკო, თანამედროვე სამამულო პროზა და პოეზია, საბავშვო კოლექცია… მოკლედ, “ოჩო” და “დიოგენე”, ახალი წლიდან სიახლეებს ველოდებით და, აბა, თქვენ იცით.

წიგნები ბათუმში“, ტრადიციისამებრ, უცხოენოვანი ლიტერატურული სასუსნავით იყო გაძეძგილი. ჩემი პოკეტბუქების კოლექცია კი შევავსე, მაგრამ სამჯერ მეტს წამოიღებდა მონდომებული მკითხველი და ხომ ხვდებით, რატომ ვიკლავდი თავს, ერთი მაღაზია აქაც გახსნან-მეთქი. არა უშავს, გამომცემლობა დაიქოქება მალე და თებერვლისთვის ისეთ თარგმანებს ველოდებით, ნელ-ნელა უნდა შემოგაპაროთ, თორემ ვაითუ სიხარულისგან გული გაგისკდეთ.

მთლიანად ფესტივალი კი, ჩემი მოკრძალებული აზრით. “ინტელექტისა” და “არტანუჯის” უდავო წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. ყველაზე მეტი ახალი გამოცემა ჰქონდათ, ყველაზე მეტი პრეზენტაცია გამართეს, ყველაფრის ჩამოტანა მოასწრეს, ფასდაკლებაც ხელშესახები იყო, აქციებმაც გაამართლა და არც გაერთიანებულ სტენდს დაჰკლებია მკითხველი.

ჩემს საახალწლო მონაგარს რაც შეეხება, უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, ფანტასტიკური “მხატვრობა”, ზურაბ ქარუმიძის “ჯაზის ყვავილობა”, ახალთახალი “ლაბირინთში მორბენალი”, ნოდარ წულეისკირის “აფთრები” (“მონანიების” ლიტერატურული პირველწყარო, სხვათა შორის), “ფიგაროს ქორწინება”, ერლომ ახვლედიანი, მარკესი და აკუნინი, სუპერკლაუსის თავგადასავალი, “დუბლინელები”, ხალედ ჰოსეინის “ფრანით მორბენალი”, ნუგზარ შატაიძე და ივა ფეზუაშვილი, ეზოპეს ზღაპრები, ცინცხალი “ჰობიტი”, “გურული დღიურები”, ეკა ქევანიშვილის პროფაილები, “შიზოგადოება”, ნობელიანტები, “ლენიზდატის’ კლასიკა და კიდევ რაღაცები წამოვიღე, მაგრამ ეს ფესტივალი მაინც სამი განსაკუთრებული გამოცემით დამამახსოვრდება.

პირველი ილზე ლიეპას “თეატრალური ზღაპრებია”. “სეზანის” სტენდზე გადავაწყდი. გადასარევი ხარისხი, გადასარევი ილუსტრაციები. ილზე როგორ ცეკვავს, ყველამ ვიცით და როგორ წერს, ახლა ვნახავ.

მეორე – სოფი ლორენის კულინარიული წიგნი. ულამაზესი გამოცემა, იმაზე გაცილებით ლამაზი, ვიდრე სურათზე ჩანს. ნანა ზარდიაშვილის მშვენიერი თარგმანი. შაბათს მოიტანეს, პირდაპირ საბაჟოდან.

მესამე – ნოდარ დუმბაძის საკოლექციო “HELLADOS”. მრავალნაირი გამოცემა მაქვს შინ – ძველი, ახალი, ამ კრებულში, იმ კრებულში… ეს განსაკუთრებულია – ილუსტრირებული, ფაქსიმილური. არასაკოლექციო, გასაკვირად დაბალი ფასით.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, წიგნის პირველი საახალწლო ფესტივალი ჩატარდა და, ვფიქრობ, არცთუ ურიგოდაც. წლის დამაგვირგვინებელი ბიბლიოაკორდი შედგა. ახლა ახალი წლების, შემწვარი გოჭის კრაწუნა ყურებისა და ოთხდღიანი ურცხვი უსაქმურობის დროა. ახალ წიგნებს იანვრიდან მივხედავ და მანამდე იქნებ გასაყიდი თაროები მიმასწავლოთ ვინმემ, თორემ წიგნები ჯერაც მაგიდაზე მიწყვია და წარმოდგენა არ მაქვს, რა მეშველება.


Filed under: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი Tagged: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გამომცემლობა "ინტელექტი", გამომცემლობა "სეზანი", გამომცემლობა არტანუჯი, დიოგენე, თბილისი მოლი, თბილისის წიგნის ფესტივალი, მოლი ბლუმი წიგნის ფესტივალზე, ოჩოპინტრე, წიგნები ბათუმში, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, წიგნის საახალწლო ფესტივალი, ochobooks

წიგნი გარეკანით იწყება – ჩვენი ბიბლიოკრეატივი vol. 2

$
0
0

საყოველთაოდ ცნობილი ამბავია: თეატრი გასახდელით იწყება, წიგნი – გარეკანით.

ფაქტია, უვარგის წიგნს მსოფლიოში საუკეთესო ქავერიც კი ვერაფერს უშველის, მაგრამ იმას რა სჯობს, ტექსტიც და შეფუთვაც  ერთნაირად ხარისხიანი რომ არის და თვალს და გულს ერთად ახარებს.

მოლის ბიბლიოთეკის ამბავი ხომ იცით. ათასნაირი წიგნი მიდევს თაროებზე; ასეთიც, ისეთიც, კოხტაც და შეუხედავიც; საქმის ცოდნით და სიყვარულით მოხატულ-გალამაზებულიც და მიფუჩეჩებულიც.

რას ვიზამთ, კარგს ზუსტად იმიტომ ვაფასებთ, ამქვეყნად ცუდიც რომ არსებობს. მოსაწონი ყდები ადრეც იყო, ჩემი ბავშვობის დროს, ოღონდ იშვიათად – სანთლით უნდა გეძებნა. ჰოდა, იმ ძველ, უსახო, უფერულ, უსქესო, უაზროდ ერთნაირ ყალიბში ჩამოსხმულ ყდებს რომ ვიხსენებ, აშკარად უკეთ გვაქვს საქმე.

პირველი ასეთი პოსტი ორი წლის წინ დავწერე და მკითხველს ჩემი ფავორიტი ქავერები გავუზიარე.  ჰოდა, ვფიქრობ, დადგა დრო, მოლის ბლოგზე ” The Best of ბიბლიოკრეატივის” მეორე ნაწილი დაიდოს.

ახალ ხუთეულზე, სიმართლე გითხრათ, ბევრი ვიფიქრე. საუკეთესოთა შორის საუკეთესოების ამორჩევა გამიძნელდა. აქეთ ოჩოს საფირმო სტილი, ერთი შეხედვით რომ იცნობა, იქეთ ნინო ჩაკვეტაძის მოხატული “პატარა ქალაქის ზღაპრები“, ფამუქის “ნივთების უმანკოება” – “დიოგენეს” ცინცხალი გამოცემა,  “პერსეპოლისი” – პირველი გადმოქართულებული გრაფიკული რომანი, თავიდან ბოლომდე ერთი დიდი უგემრიელესობა, მაგრამ ყველა რომ ჩამომემწკრივებინა აქ, პოსტი კი არა, ფერადი კატალოგი გამოვიდოდა. ჰოდა, სხვა გზა არ მქონდა, ხუთეულს დავჯერდი.

რუსუდან რუხაძის “ჩაისთან მოსაყოლ ამბების” ყდას მაკა ბატიაშვილის ნახატი ამშვენებს. გადავხედე ჩემს ბიბლიოთეკას და აშკარა იშვიათობაა. ფიროსმანიც მინახავს ძველი გამოცემის ყდაზე და ახვლედიანიც; 1983 წლის “ულისეს” გარეკანზე, მაგალითად, დავით კაკაბაძის აბსტრაქციაა, მაგრამ ახლა წიგნებს სხვანაირად აფორმებენ. არადა, ლამაზია.

სულაკაურისკინობიბლიოთეკაზე ბევრი ლაპარაკი, წესით, არ უნდა მჭირდებოდეს. პოპულარულზე პოპულარული სერიაა, გადასარევი ავტორებითა და ტექსტებით. დიზაინიც ისეთია, კინოს რომ მოუხდება – სადა, მინიმალისტური, აშკარად ზედმეტი გადატვირთვის გარეშე. ყველაზე მეტად კი ერთი, ძალიან საინტერესო დეტალი მომწონს. მიხვდებოდით, ალბათ, “შინდლერის სიის” გარეკანს და წითელკაბიან გოგოს ვგულისხმობ.

რა არ ვეცადე, მაგრამ ხეირიანი სურათი ვერ გადავუღე. სულ ჩემი ტელეფონის ბრალია. ისევ სიტყვაზე უნდა მენდოთ, ფრიად ორიგინალური და სიმპათიური კრეატივია.

“დიოგენეს” ორი მსხვილი ბიბლიოსერია აქვს: საფირმო “დიოგენეს ბიბლიოთეკა” და “ამერიკელები“. “დიოგენეს ბიბლიოთეკას” იერი შეუცვალეს სულ ახლახანს და, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდი, ძველი მირჩევნია თუ ახალი. აი, “ამერიკელები” ძალიან მომწონს – სოლიდური და ფერადი ჰარდქავერი; თორმეტი ტომიდან ერთის გამოყოფა გართულდებოდა, ჰოდა, ჩამონათვალში მთელი სერია მოვახვედრე.

წიგნები ბათუმში“-ს გამოცემებზე რა გითხრათ… ყოველი ახალი დელფინიანი გარეკანი წინაზე უკეთესია და უკვე აღარც ვიცი, რომელი უფრო მომწონს. ჯერ ფილიპ დიკის “კაცი მაღალ კოშკში” მეგონა საუკეთესო, მერე “იდინე, ცრემლო“, მერე კლარკის “ოდისეა” დააანონსეს და შეხედეთ, მარტო მონოლითი ღირს ერთ წიგნად.

ჰო, ანა გავალდას “35 კილო იმედის” ქავერი ვნახე დღეს.  ოფიციალურ რელიზს დაელოდეთ და შეაფასეთ; მე მოვკვდე, ოთხივეზე უკეთესი თუ არ იყოს.

ამ იმპროვიზებულ ტოპლისტს “სიესტას” ერთი გამოცემით დავასრულებ. აი, იმით, პოსტს რომ ახლავს გამხსნელ სურათად. პოეზიის ექსპერტი მე არ ვარ, დათო ევგენიძის ლექსებზე ვწერო, დარწმუნებული ვარ, გადასარევი იქნება, დათო და უხარისხო ვერ წარმომიდგენია და იმიტომ, მაგრამ ქავერი გადასარევზე გადასარევი რომ აქვს, ფაქტია.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ამერიკელები, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბესიკ დანელია, ბიბლიოკრეატივი, ბიბლიოსერია, გამომცემლობა "ინტელექტი", გამომცემლობა "სიესტა", გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", დიოგენე, ეკა ტაბლიაშვილი, თამუნა თათელაძე, ია ნინოშვილი, მაკა ბატიაშვილი, მოლის ბიბლიოთეკა, ნინო გურული, რუსუდან რუხაძე, ქავერი, ყდის დიზაინი, შინდლერის სია, ჩაისთან მოსაყოლი ამბები

წიგნის საერთაშორისო დღე საქართველოში. ვაკის პარკის რუკა

$
0
0

წლევანდელი წიგნის საერთაშორისო დღე – 23 აპრილი –  ხუთშაბათს უწევს, სამუშაო დღეს.

მაინცდამაინც ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ-მეთქი, ვერ მოგატყუებთ. წიგნის დღეებს, ფესტივალებს, კინოპრემიერებს და ამგვარ სიამოვნებებს, მოგეხსენებათ, აჩქარება და გადარბენები არ უხდება. ჯერ კარგად უნდა გამოიძინო, ნება-ნება აიზლაზნო, მშვიდად ისაუზმო, კომფორტულად გამოეწყო, განუყრელი ზურგჩანთა საგულდაგულოდ დააცარიელო და პავილიონებს მიაშურო…  იქაც მშვიდად და აუჩქარებლად უნდა ათვალიერო. ერთი წრე, მეორე, მესამე… ისიც უნდა გაითვალისწინო, რამდენი ნაცნობი შეგხვდება და ისე როგორ ჩაუვლი გვერდს, შენაძენი არ შეუთვალიერო :) მერე სადმე წახემსებაც უნდა მოასწრო – ახალნაყიდ წიგნებს ცხელი პიცა აკვდება ზედ. მოკლედ, წამდაუწუმ საათზე საყურებლად არ უნდა გქონდეს საქმე.

საათზე ყურებას და პიცა-ბრეიკს ვინ ჩივის, ხუთშაბათს დილიდან ღრმა საღამომდე ვმუშაობ, თან ისეთი მძიმე კვირა მაქვს, პრეზენტაციებისთვის კი არა, მგონი, ყავის მოსახარშად არ მეცლება.

არა უშავს. აქ მოვიოხებ გულს და წიგნის საერთაშორისო დღეს ბლოგზე მაინც აღვნიშნავ. თან თქვენც იხეირებთ – მოგიყვებით, რას უნდა ველოდოთ, სხვა თუ არაფერი, წინასწარი სიის შედგენასა და მიახლოებით ხარჯთაღრიცხვაში მაინც წაგეშველებით. ჰო, არ დამავიწყდეს: წიგნის დღე წელს ვაკის პარკში ტარდება. სტენდებს და კარვებს სუფთა ჰაერზე გაშლიან, პრეზენტაციებს კი ვაკის მედიათეკა უმასპინძლებს.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას ორი ცინცხალი გამოცემა აქვს: რიკ რიორდანის “ურჩხულების ზღვა” – პერსი ჯექსონის ამბების მეორე ნაწილი და ფრიად აქტუალური “ჯანსაღი კვება”. სხვა წიგნების ჩათვალიერებაც ღირს. “სულაკაურს” ასეთ დღეებში გემრიელი ფასდაკლების გამოცხობა ნაღდად არ ეშლება.

ფასდაკლება ვახსენე და “დიოგენემ” ისეთი დისქაუნთი დააანონსა, ლამისაა, გული დამწყდეს, ჩემთვის საინტერესო ყველა წიგნი უკვე თაროზე რომ მიდევს.  თან, საჩუქრებიც იქნებაო…

სიესტა” ორ ბესტსელერს წარადგენს  – გიორგი კეკელიძის ‘გურულ დღიურებს” და ვერონიკა როთის “განსხვავებულს”. ჰოდა, თუ დარჩა ვინმე ისეთი, ვისაც ჯერ არ უყიდია, ან სულაც მეჩვიდმეტე ეგზემპლარი გჭირდებათ საჩუქრად, უკეთეს დროს ვერ შეარჩევთ.  პოეზიაზე 60%-იანი ფასდაკლებაა და ესეც გასათვალისწინებელია.

ლოგოს პრესი” საფირმო სერიას – “ქართული საუნჯე ბავშვებს” აგრძელებს და ვაკის პარკში მე-3 ტომს გამოიტანს  – ყველაზე პატარებისთვის მოყოლილ სულხან-საბას არაკებს. სხვა ფერად-ფერად გამოცემებსაც 20-60%-იანი ფასდაკლებით გაყიდიან, არაა სახუმარო საქმე.

პალიტრა L“-ს, ტრადიციულ ფასდაკლებებთან ერთად, ერთი ძალიან საინტერესო აქციაც აქვს ჩაფიქრებული: მედიათეკაში, ორიდან სამ საათამდე, ტორესა მოსი ნაწყვეტებს წაიკითხავს საკუთარი წიგნებიდან. “სიბრძნე სიცრუისა” ხომ გახსოვთ, საბა რომ აიღო საუკეთესო დებიუტისთვის. მეორე –  “მე/შენ ქრისტე ხარ” – არანაკლებ საინტერესოა. ტორესაც გადასარევი ბიჭია და ნამდვილად ღირს მოსმენა. ჰო, ტორესას წიგნებზეც 20%-იანი დისქაუნთი გავრცელდება.

ინტელექტს” და “არტანუჯს“, ტრადიციულად, იმდენი რამ აქვთ დაგეგმილი, ძალიან უნდა იყოჩაღო, ყველაფერს გასწვდე და ცხვირის შეყოფა ყველგან მოასწრო. თავისუფალი უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ხუთის ნახევრიდან გელა ჩარკვიანის ახალი, ჯერ დაუბეჭდავი წიგნის საჯარო კითხვა გაიმართება. წიგნს “არტანუჯი” გამოსცემს, “ნაცნობ ქიმერათა ფერხული” ჰქვია. ნაწყვეტებს, ცხადია, ავტორი წაგვიკითხავს.  საქართველოს უნივერსიტეტში ორშაბათიდან ლიტერატურის კვირეული ტარდება და ხვალ ზვიად კვარაცხელიას ლექცია უწევს თემაზე “თანამედროვე რომანის ხასიათი”. ხუთ საათზეა, რომ რამე.

მედიათეკაში, შვიდის ნახევარზე, ბესიკ ხარანაულთანაა შეხვედრა. “ინტელექტი”, სულ მალე, ახალ წიგნს დაბეჭდავს – “ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს” – ჰოდა, სანამ მაღაზიებში გამოჩენილა, ნაწყვეტებს თავად ავტორი გაგვაცნობს. ყველაზე საინტერესო, ჩემი მოკრძალებული აზრით,  მარიო ვარგას ლიოსას “ცუდი გოგოს ოინების” პრეზენტაციაა. ახლა, “ინტელექტს” გემრიელი თარგმანები (და არა მხოლოდ) ნამდვილად არ აკლია, მაგრამ აქ სულ სხვა ამბავია: ერთი, რომ სათაურია ფრიად დამაინტრიგებელი, მეორე – ნაწყვეტები წავიკითხე და რაღაც ისეთი ჩანს, მე რომ მიყვარს, თანამედროვე და მასშტაბური. ავტორსაც არაფერი დაეწუნება.

გარდა ამისა, მედიათეკაში პირველ საათზე “ლიბრა” აღნიშნავს იუბილეს და პატარა მკითხველს პოეტ ვასო გულეურს შეახვედრებს (კონკურსებიც იქნებაო, გავიგე), ორ საათზე “ელფს” ოთხ ახალ გამოცემის პრეზენტაცია ექნება (+ განახევრებული ფასები), შვიდზე “წიგნი + ერი” გიმასპინძლებთ, ტორესას, ბესიკ ხარანაულის და ცუდი გოგოს ამბები უკვე გითხარით.

მოკლედ, შარშანდელზე მასშტაბური გამოდის ეს წლევანდელი წიგნის დღე და, იმედია, არც არაფერი დამვიწყებია.  ამინდმაც თუ გვაცალა, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს, როგორც ცხონებული ბებიაჩემი იტყოდა.


Filed under: მოლის წისქვილი Tagged: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბესიკ ხარანაული, გამომცემლობა "ინტელექტი", გამომცემლობა "სიესტა", გამომცემლობა არტანუჯი, გელა ჩარკვიანი, დიოგენე, ვაკის მედიათეკა, ვაკის პარკი, ვასო გულეური, ლოგოს პრესი, მოლის წისქვილი, პალიტრა L, ტორესა მოსი, წიგნის საერთაშორისო დღე

თბილისის წიგნის ფესტივალი: როცა ოთხი დღე ძალიან ცოტაა

$
0
0

თბილისის წიგნის წლევანდელი ფესტივალი, ტრადიციულად, მაისის ბოლოს იმართება, ტრადიციულად ოთხდღიანია და, როგორც აქამდეც ხშირად მომხდარა, ამ ოთხი დღიდან ორი სამუშაოა.

აქამდე რაღაცნაირად მაინც ვახერხებდი სამსახურიდან გამოღწევას, მაგრამ წელს ოთხდღიანი ბიბლიოორგიის მოწყობა თეორიულადაც კი გამორიცხულია – ხუთშაბათს და პარასკევს სამსახურში ვიქნები და წიგნებისთვის მხოლოდ შაბათ-კვირას მოვიცლი.

ჰოდა, ამ პრევიუს, პირველ რიგში, იმათთვის ვწერ, ჩემს დღეში რომ არიან – “ექსპო ჯორჯიას” მეთერთმეტე პავილიონში ამო და აუჩქარებელი ბოდიალისთვის დრო არ გვექნება; ამიტომაც ზუსტად უნდა ვიცოდეთ, სად რა მოვიძიოთ და პირველ რიგში რომელ სტენდებს დავესხათ თავს.

აქედანვე გეტყვით, იმდენი სიახლეა, იმდენი სასიამოვნო და საინტერესო ამბავი, ყველას დაწვრილებით აღნუსხვას ერთი პოსტი ნამდვილად არ ეყოფა. საგანგებო კატალოგები და პრეს-რელიზები ფესტივალის ოფიციალურ გვერდზეც დევს და გამომცემლობებიც აქტიურად აქვეყნებენ. დეტალებს მანდ ნახავთ. მე ყველაზე საინტერესოს მოგიყვებით.

დიოგენეს” მკითხველი მთელი წელი წუწუნებდა, სიახლეები შემოგველიაო. არა, გულხელდაკრეფილნი არ მსხდარან, მაგრამ ის ძველი ტემპი გვახსოვდა და გვაკლდა. ჰოდა, საფესტივალოდ იმდენი ახალი წიგნი აქვთ, წესით, ცალკე პოსტს უნდა ვწერდე.

საფირმო და ყოვლად გადასარევი “დიოგენეს ბიბლიოთეკა” ერთბაშად ხუთი წიგნით გამდიდრდება: სალმან რუშდის “ეშმაკეული აიები” და “ჯოზეფ ანტონი“, ელის მანროს “ძვირფასი სიცოცხლე“, ჰერმან ბროხის “მთვარეულები” და მაიკლ ონდააჩის “ინგლისელი პაციენტი” ერთი კვირაა, “დიოგენეს” კუსკუსა მაღაზიაში იყიდება, მაგრამ თუ ჩემსავით ვერ მოიცალეთ, ფესტივალზე დაგხვდებათ განსაკუთრებულ ფასად.

“ამერიკელებს” სამი ტომი ემატება: თრუმენ კეპოუტის “ხელის აუკანკალებლად“, ჯეფრი იუჯინიდისის “თვითმკვლელი ქალწულები” და “კერი” – სტივენ კინგის პირველი გამოქვეყნებული რომანი.

“დიოგენეს” ფამუქოლოგებისთვის სიურპრიზი აქვს მომზადებული  – “უმანკოების მუზეუმის” პირად ეგზემპლარს თუ წარადგენთ, “ნივთების უმანკოებას” 20 ლარად შეიძენთ (ისე 35 ლარი ღირს). ამას საჩუქრები და სუვენირებიც მიუმატეთ  – “დიოგენეს” სტენდთან დახარჯულ 10 ლარზე საგანგებოდ გაფორმებული ჭიქის სადგამი გერგებათ, 40 ლარზე – ჩანთა, 90 ლარზე – მაისური, 200 ლარზე – ლეპთრეი. როგორ ვთქვა და ეს სათამაშოები წიგნებზე ნაკლებად ნამდვილად არ მაინტერესებს :)

აგორა ხუთ ახალ თარგმანს გამოფენს: რენე დეკარტის “სულის ვნებანი“, ჰაქან გიუნდაის “დასაბამიდან დასასრულამდე“,  თაჰსინ იუსელის “ვათანდაში“და  ორიც ცინცხალი დეტექტივი კოლექცია “კვალიდან” – პოლ ქლივის “დამლაგებელი” და გამომცემლობის ექსკლუზივი – ფრედ ვარგასის “ნეპტუნის ქარიშხლები“.

“ოჩობუქსი” რისი ზღაპრული გამომცემლობა იქნებოდა, მკითხველისთვის საფესტივალოდ განსაკუთრებული საჩუქარი არ მოემზადებინა. ორი ახალი გამოცემის ამბავს უკვე გაიგებდით; ერთი დოსტოევსკის “ორეულია”, მეორე – ამელი ნოტომის “მკვლელის ჰიგიენა”, აი მესამე… მესამე განსაკუთრებული სასუსნავია.

„ოჩოს” კონან დოილი უთარგმნია. შერლოკ ჰოლმსის ისტორია, რომელიც არც ქართულად არსებობდა აქამდე და, სიმართლე გითხრათ, არც რუსულ კრებულებში შემხვედრია. “შიშის ველი” Strand Magazine-ში იბეჭდებოდა გაგრძელებებით, 1914-1915 წლებში და ყველა სხვა ხიბლთან ერთად, საიუბილეო გამოცემაც გამოდის. მოკლედ, ახალ ჰოლმსს თუ წავიკითხავდი ქართულად, ნამდვილად არ მეგონა. დამეთანხმეთ, გადასარევი ამბავია.

ჰო, ოჩოს ყველა წიგნი, ძველებიც და ახლებიც, სპეციალურ, საფესტივალო ფასებად გაიყიდება. კატალოგს გადახედეთ – ამგვარი რაღაცები ოჩოს არც არასოდეს შეშლია და რაღა ახლა დაავიწყდებოდა…

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ როჯერ ზელაზნის “ამბერის ქრონიკების” პირველი ხუთი ტომი – კორვინის ხუთწიგნეული – წლების წინ გამოსცა და, სიმართლე გითხრათ, გაგრძელებას აღარ ველოდებოდით. ჰოდა, საფესტივალოდ მერლინის ხუთწიგნეულიც დაიდო.

ლიბერთინზს 31 მაისს ერთი წელი უსრულდება და იუბილეს ფესტივალზე აღნიშნავს – პროექტის მეექვსე წიგნს – ლუის ლოურის “გამღებს” წარადგენს და კოსტუმირებულ კარნავალსაც მართავს. ვინც სამასკარადოდ გამოწყობილი გამოცხადდება, სტამბიდან ციმციმ გამოტანილ “გამღებს” ნახევარ ფასად მიიღებს.  პრინციპში, ასეც უნდა იყოს –  ფესტივალი იმის ფესტივალია, ამდაგვარი კრეატივით გაერთო, თორემ წიგნის ყიდვა მაღაზიაშიც შეიძლება.

წიგნის ფესტივალზე, გეცოდინებათ, გამომცემლობებთან ერთად წიგნის მაღაზიებიც მონაწილეობენ.  ჰოდა, წელს, ბუქსთორებს ‘შექსპირი და კომპანიაც” დაემატება.  სტენდზე უცხოენოვან ლიტერატურას გამოფენენ, სხვადასხვა ქართული გამომცემლობის საუკეთესო გამოცემებს, ალბომებს, პოსტერებს, ხელნაკეთ უბის წიგნაკებს, სანიშნებს, სანათებს და თუ მოლესკინის ბლოკნოტების ჩამოტანაც მოასწრეს, “შექსპირის” პავილიონთან რიგი მერე ნახეთ თქვენ…

პალიტრა L-ს ელექტრონული წიგნების მაღაზიის ebook.ge-ს პრეზენტაცია აქვს და ახალი სერიასაც წარმოადგენს. “TOP თრილერის” პირველი ტომი ჯეიმზ პეტერსონის “ობობას გამოჩენა“.

არტანუჯს” და “ინტელექტს”, ტრადიციულად, დატვირთული, ოთხ დღეზე გადანაწილებული, საინტერესოზე საინტერესო პროგრამა აქვს. ავტოგრაფსესიები, წარდგენები, პრეზენტაციები, ლექციები, კინოჩვენებები და, რა თქმა უნდა, ახალი გამოცემები.

არტანუჯი” დათო ტურაშვილის „მე რომ ფეხბურთელი ვიყო”-ს, ხალიდ ჰოსეინის „ფრანით მორბენალს“,  ოჯახის წევრების მიერ მოყოლილ აუტიზმის, დაუნის სინდრომისა და ცერებრალური დამბლის მქონე ქართველი ბავშვების ისტორიების კრებულს „ფაზლი, ეტლი, წინდა“ წარადგენს, რაგბის მოყვარულთათვის ახალი წიგნის ” “U-20, საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრების მორაგბეთა ისტორიები“ პრეზენტაცია მოეწყობა.

ინტელექტს” განსაკუთრებული პროექტი აქვს – “პავიჩი ქართულად“.  ამ პროექტის ფარგლებში სერბი მწერლის ექვსი რომანი – “ხაზარული სიტყვისკონა“, „უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინეპოლში“,  „სხვა სხეული“ „შვიდი მომაკვდინებლი ცოდვა“ „ნიკალური ეგზემპლარი“ და „ჩაით დახატული პეიზაჟი“ ითარგმნა. თბილისში პავიჩის მეუღლეც ჩამოვიდა; იასმინა მიხაილოვიჩი ფესტივალზე ქართულ თარგმანებთან ერთად საკუთარ რომანს “ხაზართა ზღვის ნაპირებზე” წარადგენს.

ბოლოს, ტკბილ ლუკმად, “წიგნები ბათუმში მოვიტოვე, ფესტივალის დებიუტანტი (გამომცემლობა, თორემ წიგნების მაღაზიის თბილისში სტუმრობა უკვე სასიამოვნო ტრადიციაა). აქამდე გამოცემულ დელფინიან წიგნებს ისეთი ნუგბარი

ემატება, საუკეთესოს რომ ვერ გამოარჩევ, ყველა გადასარევია: ურსულა ლე გუინის “წყვდიადის მარცხენა ხელი“, ნატო დავითაშვილის “აიას გზა“, მარგარეტ ეტვუდის “მხევლის წიგნი“, დიმიტრი გლუხოვსკის “მეტრო 2033, რეი ბრედბერის “ბედნიერების მექანიზმები”, ჯონ ბოინის “ბიჭი ზოლიან პიჟამაში“, ჯუდი ბლუმის “აქ ხარ, ღმერთო? ეს მე ვარ, მარგარეტი” და დავით ჭოჭუას “ალდენორი“, “სინათლის ორდენის ქრონიკების” პირველი წიგნი. ანჯეი საპკოვსკის “მხედვარიც” იქნება აუცილებლად. თან, ეს ყველაფერი სპეციალურ ფასად.

წიგნები ბათუმში” ბლოგერების კონკურსში გამარჯვებულებსაც დააჯილდოვებს და განახლებული “ინსომნიას” პრეზენტაციაც იგეგმება. დეტალებს არ მოვყვები, რა წესია, ორგანიზატორები მოგახსენებენ წვრილად ყველაფერს. ჰო, ჩიტმა ამბავი მომიტანა, ბათუმში, ის ლეგენდარული წიგნის მაღაზია, ნახევარ საქართველოს სელფი რომ აქვს გადაღებული, თითქმის ცარიელია, რაც კი კარგი ჰქონდათ, თბილისში წამოიღესო.

აი, ასეთი ამბებია, ჩემო კარგებო. პრევიუ კი გავიყვანე ბოლოში და ახლა იმაზე უნდა ვიფიქრო, ვინმე შევიგულო და ხვალ და ზეგ წერეთელზე გავაგზავნო, თორემ ამ ყველაფრისთვის შაბათ-კვირა ნამდვილად არ მეყოფა.


Filed under: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი Tagged: აგორა, გამომცემლობა "ინტელექტი", გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", გამომცემლობა არტანუჯი, დიოგენე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, ინსომნია, მოლი ბლუმი წიგნის ფესტივალზე, ოჩოპინტრე, პალიტრა L, შექსპირი და კომპანია, წიგნები ბათუმში, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ebook.ge, LIberteens, ochobooks

თბილისის წიგნის ფესტივალი: კარგად ნაცნობი ძველები და ორიოდე ახალიც

$
0
0

ასეთი ცაიტნოტური მაისი ჯერ არ მქონია.

ჯერ იყო და “წიგნი და მუსიკა” გამოვტოვე. “ამო რამეს” ლიტერატურული მენიუ მაინტერესებდა და ახალი პოტერიადის ყიდვაც მინდოდა, მაგრამ დიდი ხნის წინ დაგეგმილ ზღვისპირა უიქენდს დაემთხვა და რა მექნა.

ბათუმიდან სამშაბათს, ნაშუაღამევს ჩამოვლასლასდი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით; მოგიყვებით მერე) და, ოთხშაბათს, გამოძინებისა და გონზე მოსვლის ნაცვლად, სასწრაფო წესით, ტრადიციულ საფესტივალო პრევიუს ვწერდი. რაც მთავარია, მოვასწარი.

ფესტივალს ოთხდღიანი კი ერქვა, მაგრამ ამ ოთხი დღიდან ორი სამუშაო იყო. სამსახურიდან გასხლტომაზე არც მიოცნებია – სინდისი მეყო. ჰოდა, ვიჯექი ჩემს სამუშაო მაგიდასთან, გაავებული და მთელს ქვეყნიერებაზე გაბრაზებული და მეგობრების საფესტივალო ამბებს ვკითხულობდი.

კეთილ ადამიანებს რა დალევს ამქვეყნად და ხუთშაბათ-პარასკევს მთლად უწიგნოდაც არ დავრჩენილვარ. ირმამ ოჩობუქსის ყოვლად გადასარევი, თან სატარებელი წიგნები წამომიღო და კანდინსკის ფანტასტიკური ალბომი გამოაყოლა საჩუქრად; თამთამ მორიგი “პატარა პრინცი” მაჩუქა ჩემი კოლექციისთვის; პარასკევს დედამ და მამამ გაისეირნეს გამოფენაზე და სავსე ჩანთები მომიტანეს. ცოტა არ იყოს, ცხელოდაო, შემომჩივლეს. გემრიელად გამეცინა.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, შაბათ-კვირამაც მოაღწია, “ექსპოს” მეთერთმეტე პავილიონამდე თავადაც მივაღწიე, ხეტიალით გულიც ვიჯერე და ახლა ჩემს საფესტივალო ამბებს მოგიყვებით.

პავილიონში ისევ ცხელოდა… მოდი, ამაზე დროს ნუ დავკარგავთ. შევთანხმდეთ, რომ წიგნის ფესტივალზე სულ ცხელა. კარმა აქვს ასეთი. დარწმუნებული ვარ, შუა დეკემბერში, ჩრდილოეთ პოლუსზე რომ ჩატარდეს გასვლითი აქცია, იქაც ოფლად გავიღვრებით.

ხალხი მეცოტავა. თავს ვერ დავდებ, არ დამითვლია, მაგრამ ასე მომეჩვენა. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ გვარს არ დავასახელებ და რამდენიმე გამომცემლობის სტენდს მკითხველი ნამდვილად არ აკლდა. იქაურ კონსულტანტებს ორდენი ეკუთვნით მხედრული მამაცობისთვის. მსუყე პრემია მაინც.

ოჩობუქსის პოკეთბუქები უკვე ვახსენე, მაგრამ ისეთი კარგებია, რაც უფრო მეტჯერ გავიმეორებ, მით უკეთესი. ყველაზე მეტად “შიშის ველმა” გამახარა. ახალი ჰოლმსია და, თანაც, ქართულად. უახლოეს შაბათს ჩავუჯდები, ნაყინიან ცივ ყავასთან ერთად.

ფესტივალის ყველაზე დიდი სიურპრიზი, დამეთანხმეთ, ილიაუნის გამომცემლობამ დადო. ზელაზნის “ამბერის ქრონიკების” პირველი ნაწილი (კორვინის ხუთწიგნეული) წლების წინ გამოსცეს. მეორე ნაწილს (მერლინის ხუთწიგნეულს) კარგა ხანს ველოდებოდით, ხელიც გვქონდა ჩაქნეული და ა, ბატონო, ციმციმ გამოიტანეს. სურათზე რომ ვნახე ოქროსფერი ტომები, მაშინვე ამიკაწკაწდა კბილები. ახლა აქვე მიდევს, ერთ ხელის გაწვდენაზე და, წარმოიდგინეთ, როგორ მიხარია.

დიოგენე” ტრადიციას არ ღალატობს და, მიუხედავად ათასი პრობლემისა, საფირმო “დიოგენეს ბიბლიოთეკისა” და “ამერიკელების” განახლებას მაინც ახერხებს. რვა ახალი წიგნი ხუმრობა არ არის. იქაური გოგო-ბიჭები მძიმე დღეში კი იყვნენ, მაგრამ არც ღიმილი დავიწყებიათ, არც ხურდა დაკლებიათ, საჩუქრებიც კარგად ჰქონდათ მომარაგებული –  საყვარლად მოხატული ყავის სადგამების, ჭიქების, ჩანთების და მაისურების გარეშე, მგონი, არც არავინ გაუშვიათ.

ინტელექტს” და “არტანუჯს“, სხვა თუ არაფერი, გადმოქართულებული პავიჩისთვის ეკუთვნის მადლობა. შარშან მარკესი თარგმნეს, წელს პავიჩი უზით გენერალურ გეგმაში. მარიო ვარგას ლიოსას “ცუდი გოგოს ოინები”, აკუნინის “მწერალი და თვითმკვლელობა” და “სასაფლაოს ამბები”, მო იენი, ოთარ ჭილაძე, “ფრანით მორბენალი” და გელა ჩარკვიანის პუბლიცისტიკა იქეთ იყოს, ხუმრობა-ხუმრობაში, ყოველგვარი ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე, ისეთი გადასარევი non fiction კოლექცია შეაგროვეს, შენი მოწონებული: სტივ ჯობსი, ბჟეზინსკი, ტრამპი, პოლიტკოვსკაია, ტეთჩერი – არც ერთ მხატვრულ სერიას არ ჩამოუვარდება.

ლიბერთინზმა” პირველი იუბილე მასკარადით აღნიშნა და პავილიონში მოხეტიალე ვამპირები, პრინცესები, ჯუჯები, მებრძოლები, ფერიები და მინი მაუსები მასკარადის მონაწილე თინეიჯერები იყვნენ. ამ პროექტს განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ, აბა, ჩემ დროს ვინ გეტყოდა, რომელ წიგნსაც გინდა, ხელი დაადე, ჩვენ გითარგმნითო… სხვათა შორის, ახალი, რიგით მეექვსე თარგმანი – ლუის ლოურის “გამღებიც” გემრიელად, კომფორტულად, ორგანიზებულად, საგანგებოდ შეფუთული გაყიდეს, ჭეშმარიტად სადღესასწაულო-საფესტივალო ფასდაკლებით.

ბოლო, ტკბილ ლუკმად ორი დებიუტანტი მოვიტოვე… “შექსპირი და კომპანია” სულ რაღაც ერთი თვის წინ გაიხსნა, ფესტივალიც ჩააგრიალა და, წიგნის მაღაზიის სპეფიციკიდან გამომდინარე, სტენდზე ისეთი გამოცემებიც ედო, სხვაგან რომ ვერსად ნახავდით. მე უელბეკის ახალთახალ “მორჩილებას” ვერ მოვწყვიტე თვალი. რამდენჯერაც ჩავუარე, იმდენჯერ ამოვიოხრე, მაგრამ ორიგინალი იყო და ფრანგულის არაფერი გამეგება. ინგლისური თარგმანი რომ ჩამოეტანათ, ახლა შინ მექნებოდა.

და “წიგნები ბათუმში“…. დავწერე ახლა ეს და დებიუტანტობაზე გამეცინა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს “წიგნები ბათუმში” უხსოვარი დროიდან არსებობდა და დელფინიან წიგნებზე ვართ გაზრდილი. არადა, არც ბუქსთორია დიდი ხნის და გამომცემლობისთვის საერთოდაც პირველი ფესტივალი გახლდათ.  დებიუტი როგორი გამოდგა, ჩემზე უკეთ გეცოდინებათ – ბათუმურ სტენდებს მკითხველ-მყიდველი არ მოშორებია და ყველა საფესტივალო ფოტოზე თითო დელფინს მაინც ნახავთ.

ყველაზე მაგარი, იცით, რა არის? ამ ახალ წიგნებზე ხომ ორი თვეა, ყველა ლაპარაკობს. საპკოვსკიო, ბრედბერიო, ნატოს ახალი “აიას გზაო”… ლე გუინი, ეტვუდი, ჯუდი ბლუმი, “მეტრო 2033″, “ალდენორი” და ზოლიანპიჟამიანი ბიჭის ამბავი, ერთიმეორეზე უკეთესია, ვერ გამოარჩევ, მაგრამ შემდეგი ნაკრები კიდევ უფრო საინტერესო იქნება. ამას მოხერხება უნდა.

აი, ასეთი ფესტივალი მქონდა, ჩემო კარგებო და ისე ვარ მიღლილ-მიქანცული, დუდუ დობორჯგინიძის არ იყოს, დედას ვფიცავარ, მამას ვფიცავარ და ყველას ვფიცავარ, ერთ კვირას წიგნის მაღაზიისკენ არ გავიხედავ. ან სამ დღეს. არა, ორს.


Filed under: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი Tagged: გამომცემლობა "ინტელექტი", გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", გამომცემლობა არტანუჯი, დიოგენე, ექსპო ჯორჯია, თბილისის წიგნის ფესტივალი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, მოლი ბლუმი წიგნის ფესტივალზე, შექსპირი და კომპანია, წიგნები ბათუმში, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, LIberteens, ochobooks, ochobooks.ge
Viewing all 26 articles
Browse latest View live