
ჯეი აშერი. “13 მიზეზი”
“წიგნები ბათუმში”
მოლის ბლოგზე საზაფხულო შვეულება, შეამჩნევდით, დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. ნეტარი უსაქმურობა გამიტკბა და საყვედურებიც მივიღე, რა დროს ნებივრობა და ფეისბუქზე სტატუსების წერაა, პოსტები დაგიძველდა, კლავიატურის უქმად კაკუნს გაეშვი და წიგნებს მიხედეო.
პრელუდიები მიყვარს, მაგრამ დრო აღარ ითმენს – პირდაპირ საქმით უნდა დავიწყო. ნამდვილი შემოდგომაც დადგა, როგორც იქნა, ძილის და კითხვის ამინდია და ურიგო არ იქნება, საშემოდგომო ლიტერატურულ სიახლეებზე მოგიყვეთ. წიგნებზე, რომელთაც ოქტომბერში ველოდებით.
გადავხედე ჩამონათვალს და, კაცმა რომ თქვას, არც ისე მოკლეა. ახალი გამოცემების სიმცირე ნამდვილად არ გაგვაკვირვებდა და ათას ობიექტურ მიზეზსაც მოვუძებნიდით, მაგრამ ფაქტია, გამომცემლობებს ჩემსავით არ უზარმაციათ და არჩევანიც გვაქვს. საკბილოს, გემოვნების და განწყობის მიხედვით, ყველა იპოვის.
საოქტომბრო წიგნების ნაწილი უკვე მაღაზიებშია, ნაწილიც ახლა იბეჭდება. ვეცდები, ყველაზე გიამბოთ; ასე უფრო მოსახერხებელია. იქნებ რომელიმე გამოგრჩათ.

მიშელ უელბეკი. “მორჩილება”
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
“სულაკაურის“ პირველი სიახლე ჩაკ პალანიკის “ძილისპირულია”, მეორე – უელბეკის “მორჩილება”. მესიე მიშელი ის კაცი არ არის, ვის ტექსტებსაც ერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვება ხოლმე. “Soumission” ქართულად ჯერ არ გამოჩენილა და ქებაც მოვისმინე უკვე და კრიტიკაც. snob.ru-ზე წაკითხული ერთადერთი ნაწყვეტით მსჯელობა რთულია, მაგრამ ეს ამბავი შეუმჩნევლად და უხმაუროდ რომ არ ჩაივლის, ახლავე გეტყვით. თარგმანი ეკატერინე სუმბათაშვილის ხელშია და არაფერი გაუჭირდება.
ნილ გეიმანის “კორალაინი” ხომ გახსოვთ? გეიმანი, თუ არაფერი მეშლება, პირველად გადმოაქართულეს მაშინ და “კორალაინმა”, დიახაც, მოიხდინა ლელა ფიროსმანიშვილის კუწკუწა თარგმანი. ამჯერად სახელგანთქმული “ვარსკვლავის მტვრის” ჯერია და მთარგმნელიც ისეთი ჰყავს, როგორიც საჭიროა – ნიკა სამუშია.
ნიკას თარგმანია “დიოგენეს” სიახლეებშიც. კინგის მოყვარულებს “ბნელი კოშკის” მესამე ნაწილი გვეღირსა. პირველი, “მსროლელი“, წლევანდელი “საბას” ნომინანტიც გახლდათ. მესამე ნაწილი, “უნაყოფო მიწები“, ორ წიგნად იგეგმება და ძალიან მიხარია, ნიკამ “კოშკისთვის” ისევ რომ მოიცალა.

ჩაკ პალანიკი. “ძილისპირული”
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
“დიოგენეს” საფირმო ბიბლიოთეკა ერთდროულად ოთხი ტომით, “უბრალოდ, ძალიან კარგი წიგნებით” ივსება. ჯულიან ბარნსის პოსტმოდერნული, სატირული და ანტიუტოპიური “ინგლისი, ინგლისი“, კურტ ვონეგუტის “სასაკლაო 5“, უმბერტო ეკოს “მტრის ხატის შექმნა“, (ესსეების კრებულია, რუსულად კარგა ხნის წინ მოვიხელთე, მაგრამ ქართულს, დამეთანხმეთ, სხვა გემო აქვს) და პიერ პაოლო პაზოლინის “ქუჩის ბიჭები“. ეს ბოლო განსაკუთრებით მაინტერესებს. დიდი სინემანიაკი ვერ ვარ, მაგრამ პაზოლინის ფასს ვხვდები. ეკო და პაზოლინი ხათუნა ცხადაძის თარგმანია და ესეც ბევრს ნიშნავს.
სინემანიაკ ბიბლიოფილთათვის კიდევ ერთი სიურპრიზი აქვს “დიოგენეს” – დენის ლიჰეინის “წყეულთა კუნძული“. სკორსეზეს ფილმი დიკაპრიოს გადასარევი როლით აქაურ სტუმართაგან ვინმემ არ იცოდეს, ძნელად წარმომიდგენია. ჰოდა, მალე ლიტერატურულ პირველწყაროსაც წავიკითხავთ. თან ქართულად.
“პალიტრა L“ კარგად ნაცნობ სერიებს ახალი ტომებით აგრძელებს. მსოფლიო ლიტერატურის ახალ თარგმანებში ფრედერიკ ბეგბედერის “ მიშველე, ბოდიში” გამოვიდა, “TOP თრილერში” – პოლა ჰოუკინსის “გოგონა მატარებელში“, “ლიბერთინზი” ჯეიმზ დაშნერის “სიკვდილით განკურნებას” გვთავაზობს, “კვირის პალიტრას” გიორგი კეკელიძის მორიგი “სხვა დეტექტივი” მოჰყვება.

ადოლფო ბიოი კასარესი.
“მორელის გამოგონება”
გამომცემლობა “ინტელექტი”
“მსოფლიოს რჩეულ თარგმანებში” დიუმა დაიწყეს, თხუთმეტ ტომად. პირველი უკვე მაჩუქა მეგობარმა და დანარჩენიც ჩემზე იყოსო. გადმოქართულებული, მეტნაკლებად სრული დიუმა მე კი არა, მშობლებს არ აქვთ იმ თავის ყოვლისმომცველ ბიბლიოთეკაში. ეგეც არ იყოს, თხუთმეტი ყდა ისეთ ლამაზ და ორიგინალურ სურათს ქმნის, თაროზე რომ არ მქონდეს, ვერაფრით მოვისვენებ.
10 ოქტომბრიდან ახალი “პატარა უფლისწული“ იქნებაო, ნიუსი დადეს ამას წინათ და ჩემი კოლექციის ამბავი თუ იცით, არ გაგიკვირდებათ, დღეებს რომ ვითვლი :)
“ინტელექტს” და “არტანუჯს” იმდენი ახალი გამოცემა აქვთ, ერთი საშუალო ზომის კატალოგი აიკინძებოდა – ბესო ხვედელიძის მოთხრობების კრებული “მამაო“, “სამწერტილი” – ირაკლი კაკაბაძის ლექსები, “ჟუჟას” ავტორის, ნინო ხარატიშვილის “ჩემი ნაზი ორეული” (ორიგინალი ამჯერადაც გერმანულია, ჩვენ ნინო ბურდულის თარგმანს დავაგემოვნებთ), პატრიკ მოდიანოს “ჰორიზონტი” – უინტერესოაო, ერთზეც ვერ იტყვი.
“პავიჩი ქართულად” ორი წიგნით გაგრძელდება. “ქარის შიგნითა მხარე”, მგონი, ყველამ იცის. “ბელგრადის ბიოგრაფია” სასიამოვნო სიურპრიზია.
ყველაზე მეტად კი ნინო ფიფიას გადმოქართულებულ ადოლფო ბიოი კასარესს ველოდები, “მორელის გამოგონებას”.
ოქტომბერი საერთოდაც “ინტელექტის” ცინცხალი გამოცემის პრეზენტაციით დაიწყო. პირველში, ხუთშაბათს, ნინო თარხნიშვილმა საკუთარი პროზაული კრებული “ნინო’ს Notes” წარადგინა. “წიგნი შინაგან თავისუფლებაზეა და შეგძრავთო”, დაგვპირდნენ და თავს დავდებ, ასეც იქნება. ნინოს, წლებია, ვკითხულობ და სხვანაირი ტექსტი მე არ მახსოვს.
თითებჩასაკვნეტი non fiction-ებით ცნობილი “არტანუჯი ” ნიკოლოზ ბარათაშვილის “პირად წერილებს“ და მანანა ამირეჯიბის „მე და ჩემ წილ მამას“ გამოსცემს.
“წიგნები ბათუმში” ცალკე დიდი და სასიამოვნო ამბავია. უკვე მიგვაჩვიეს, ჰაიჰარად და წესისთვის არაფერს რომ არ ბეჭდავენ. ენდი უირის “მარსელის” პრეზენტაცია კვირისთვის გადაიდო. მედიათეკამდე რამდენად მივაღწევ, არ ვიცი. უიქენდი ისე მაქვს გაძეძგილი, მგონი, ხეირიანად გამოძინებასაც ვერ მოვახერხებ. წიგნს, ცხადია, არ გამოვტოვებ. მნიშვნელოვანი და საეტაპო თარგმანი მგონია.

ნილ გეიმანი.
“ვარსკვლავის მტვერი”
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
დანარჩენი სიახლეებიც არანაკლებია – საკულტო “ნარნიას ქრონიკების” პირველი ნაწილი, ჯეი აშერის “13 მიზეზი” და ორიც ქართული კრებული – სალომე ბენიძის ,,ქალაქი წყალზე” და “ინსომნია 2015”, ახალბედა (და არც ისე) ლიტერატურული ექსტრემალების ფობიოგრაფიები და ერთ ღამეში დაწერილი sci fi, ფენტეზი, მისტიკური და ჰორორ ტექსტები. ქეთი მეფარიძე, თემუკა ზოიძე, თამარ ფოლადაშვილი a.k.a. კედი, თინათინ მანია, ნინო ჭინჭარაული, დავით ბალიაშვილი, გიორგი ვაჩნაძე. ჟანრული პროზის დამფასებლებისთვის გადასარევი საჩუქარია.
ფრანგული ლიტერატურის დაუზარელი პოპულარიზატორი “აგორა” თვის ბოლოს, ოცდაათში, ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში პატრიკ მოდიანოს “ბნელი ფარდულების ქუჩას” წარადგენს.
“ოჩობუქსს” შევეხმიანე ამ პოსტის წერისას, ოქტომბრისთვის რა გაქვთ-მეთქი და ხელდაკაპიწებულები ვმუშაობთ, ოღონდ ნოემბერში მოვრჩებითო. ჩვენი ტრადიცია ხომ იცი, ახალ თარგმანებს საფესტივალოდ გამოვფენთო.
ნოემბერში თბილისის წიგნის დღეები რომ ტარდება, ხომ გახსოვთ?
Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: აგორა, ახალი წიგნები, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გამომცემლობა "ინტელექტი", გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", გამომცემლობა არტანუჯი, გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, გიორგი კეკელიძე, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ეკატერინე სუმბათაშვილი, მოლის ბიბლიოთეკა, ნიკა სამუშია, ნინო ბურდული, ნინო ფიფია, პალიტრა L, ქართული თარგმანი, წიგნები რომელთაც ოქტომბერში ველოდებით, ochobooks, snob.ru
